მოგერინის წარმატებული წელიწადი

5-02-2015, 23:41

გუგა ჯულუხიძე

 

თითქოს, გუშინ დაამტკიცეს ქეთრინ ეშტონი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო საქმეთა დაუსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - High Representative for Foreign Affairs and Security Policyc (HR). სინამდვილეში, ამ დღის შემდეგ, 5 წელიწადი გავიდა.  ეს თანამდებობა ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ შეიქმნა (2009 წლის 1 დეკემბერს).

 

მაშინ, ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსისთვის ერთგვარი ცივი შხაპი იყო, ყველასათვის უცნობი ბარონესას, გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრის, ქეთრინ ეშტონის დანიშვნა ამ პრესტიჟულ პოსტზე, თუმცა საბოლოო ჯამში, არ შეიძლება იმის თქმა, რომ იგი "ჩავარდა", როგორც უმაღლესი წარმომადგენელი.

 

ეშტონმა 5-წლიანი “ევროპული” მოღვაწეობის განმავლობაში, არაერთ საერთაშორისო გამოწვევაზე მოახდინა რეაგირება. მაგალითად, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სერბეთსა და ე.წ. კოსოვოს რესპუბლიკას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში (2013 წლის აპრილი). იგი აქტიურად იყო ჩართული ე.წ. ირანის ბირთვული პროგრამის მოლაპარაკებათა ციკლში - P5+1 ფორმატი (გაერთიანებული ერების ოგრანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს 5 მუდმივი წევრი + გერმანია). ეშტონი ასევე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ეგვიპტისა და "მაიდანის" მოვლენებისას (როგორც მედიატორი).

 

ერთი სიტყვით, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა უმაღლესი წარმომადგენლის სტანდარტი შექმნა. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები და ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მომავალი HR (High Representative - უმაღლესი წარმომადგენელი), როგორც მინიმუმ, არანაკლებ ეფექტური და მოქნილი იქნებოდა, ვიდრე მისი წინამორბედი.

 

ცალკე თემაა ის მწვავე დისკუსია და კულუარული დაპირისპირება, რაც ახალი უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატურის ირგვლივ იყო. წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას ჰქონდა სურვილი, რომ შემდეგი HR პრინციპული ყოფილიყო რუსეთთან მიმართებაში (რიგ შემთხვევებში ხისტი), გამოცდილი დიპლომატიაში და აქტიური ინიციატორი. გარდა რუსეთისა, ევროკავშირის გამოწვევა სირია, ლიბია და ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი იყო (კვლავინდებურად არის). ერთი სიტყვით, ყველა “მხსნელს"ელოდა.

2014 წლის დასაწყისში, ბრუსელის კულუარებში რამდენიმე კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა ყველაზე მაღალი შანსი კარლ ბილდტს (შვედეთის სამეფოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრსა და აღმოსავლეთევროპული ქვეყნების “ლობისტს”), რადეკ შიკორსკისა (პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთ მინისტრსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის არქიტექტორს) და ბულგარელ ევროკომისარ (ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში) კრისტალინა გეორგიევას ჰქონდათ.

 

თუმცა მოხდა ის, რაც ყველაზე ნაკლებად სურდათ აღმოსავლეთ-ევროპულ სახელმწიფოებს - გასული წლის ზაფხულში, უმთავრეს კანდიდატად, 41 წლის ფედერიკა მოგერინი  დასახელდა (იმ დროისათვის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი). გარდა იმისა, რომ მოგერინი იყო იმ ქვეყნიდან, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ასოცირებული იყო როგორც რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი (მჭიდრო ეკონომიკური კავშირები, “გაზპრომ”-ის ერთ-ერთი აქტიური ბენეფიციანიტი, პუტინის ხშირი მასპინძელი და ა.შ.), იგი ვერც განსაკუთრებული გამოცდილებითა და მიღწევებით დაიკვეხნიდა.   

 

ფედერიკა მოგერინი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრად 2014 წლის თებერვალში დაინიშნა (რამაც თავის დროზე, დიდი რეზონანსი გამოიწვია თავად იტალიაშიც). “Dall’ombra – Al centro dell’attenzione” (“ჩრდილიდან - ყურადღების ცენტრში”) - ასე შეაფასეს მისი კარიერული აღზევება აპენინებზე. მოგერინიმ საპიენცა-ს უნივერსიტეტი (რომი იტალია) დაამთავრა. წლების განმავლობაში, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურებში, თუმცა დიპლომატიურ სფეროში მუშაობის არასაკმარისი გამოცდილებას გამო, მას ხშირად აკრიტიკებენ. 2008 წელს, იტალიის საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახდა. მუშაობდა თავდაცვის კომიტეტში და იყო საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელი  ნატოში. “შესაძლებელია, მისი რეზიუმე არ გამოიყურება ცუდად, თუმცა ნამდვილად არ არის საკმარისი, ამხელა პოლიტიკური პასუხისლმგებლობის მიღებისათვის" აცხადებენ მისი ოპონენტები.

2014 წლის ივლისში, როდესაც მოგერინის კანდიდატურა პირველად განიხილეს, მოლაპარაკებათა სერია ჩიხში შევიდა. მიზეზი, ბალტიისპირა და აღმოსავლეთ-ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგობა იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ მოგერინი ზედმეტად "რბილი" იყო რუსეთთან და მას არ შეეძლო მკვეთრად გამოეხატა საკუთარი წინააღმდეგობრივი პოზიციები პუტინისადმი. ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ისიც კი განაცხადა, რომ "ევროკავშირმა არ უნდა აირჩიოს უმაღლეს წარმომადგენლად ადამიანი, რომელიც პრო-რუსული (“Pro-Kremlin”) იქნება!” 

და მაინც, რატომ მოგერინი?

 

სინამდვილეში, ეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობა ქალბატონისთვის იყო "დაჯავშნული" (ევროგაერთიანების სხვა ტოპ თანამდებობებზე მამაკაცები დაინიშნენ, ევროკავშირი კი, "ჯენტლმენთა კლუბი" არაა). გარდა ამისა, უმაღლესი თანამდებობა მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსისთვის იყო განკუთვნილი. ამ ყველაფრით კი, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ ისარგებლა და მოგერინის ლობირება დაიწყო (მისმა გავლენამ/ავრტორიტეტმა გასული წლის მაისში მიაღწია უმაღლეს წერტილს, როცა ევროპარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა ტრიუმფალურად). ამასობაში, “აღმოსავლეთ-ევროპულ ბლოკზეც” იფიქრეს დასავლეთ ევროპაში და დონალდ ტუსკის დანიშვნით ჩააცხრეს მათი შეშფოთება. წესითა და რიგით, ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი მაქსიმალურად პრინციპული უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში და აქტიურად დაიცვას ევროკავშირის "აღმოსავლეთ ბლოკის" ინტერესები.

 

და მაინც, რას ნიშნავს იყო უმაღლესიწარმომადგენელისაგარეო საქმეთა დაუსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში?

თავდაპირველი ფუნქციით, უმაღლესი წარმომადგენლის ფუნქცია, წევრ სახელმწიფოებთან კოორდინირება, ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებების წარმოება და საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე რეაგირება იყო. წევრი სახელმწიფოების კონსესუსისას, HR - საგარეო საქმეთა მინისტრს ემსგავსება. ანუ, ძალიან მაღალი პოლიტიკური ნდობის მანდატსა და მანევრირების საშუალებას იღებს. სრული კონსესუსის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა, სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებათა სერია იყო, როდესაც ქეთრინ ეშტონს, აქტიური დიპლომატიური მოქმედებისათვის carte blanche მიეცა.

რაც შეეხება  მოგერინის გამოწვევებს, უმთავრესი, რა თქმა უნდა, რუსეთია. პუტინი, როგორც საფრთხე იმ საერთაშორისო სისტემისა, რომელზეც მსოფლიო წესრიგი დგას. ამასთან ერთად, მოგერინიმ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს აზიის სახელმწიფოებთან (ჩინეთი, სინგაპური, სამხრეთ აზია), რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის ეკონომიკური ინტერესებისათვის - Asia-Europe Meeting (ASEM). ახალმა უმაღლესმა წარმომადგენელმა წინამორბედისგან მემკვიდრეობით, აშშ-სთან ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციების მოლაპარაკებათა ფორმატიც მიიღო - The Transatlantic Trade and Investment Partnership (TTIP). მას ასევე რეაგირება მოუწევს ერაყის ისლამური სახელმწიფოს მზარდ მადაზე და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველო/უკრაინა/მოლდოვსთან მიმართებაში.

ფაქტია, რომ აშშ-საც და ევროკავშირსაც გაცილებით უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა სჭირდებათ. მეორე საკითხია, როგორ მოახერხებს ამას ევროკავშირი, რომლის სტრუქტურაც ხშირ შემთხვევაში, დაუსრულებელი ბიუროკრატიული ბარიერებითა და აზრთა სხვადასხვაობით არის შებოჭილი, ხოლო მისი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ვერც ისეთი პოლიტიკური ლეგიტიმაციით სარგებლობს, როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, თუმცა მაინც, ეფექტურ HR-ს შეუძლია საკუთარი ინიციატივებითა და აქტიურობით სწორი მიმართულება მისცეს ევროკავშირს.

ერთი წლის წინ, ძნელად თუ მოიძებნებოდა პოლიტიკოსი/ანალიტიკოსი/ექსპერტი, რომელსაც მოგერინიზე შეეძლებოდა საუბარი. თუკი ფედერიკას ერთ-ერთი კონკურენტ (უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე) რადეკ შიკორსკისთვის, 2014 მძიმე წელიწადი იყო, იტალიელი დიპლომატისათვის ყველაფერი პირიქით მოხდა. იგი პოლიტიკური წყვდიადიდან - მოქმედებათა თეატრის სცენაზე მოხვდა.

მოგერინის წარმატებული წელიწადი!