ტერაქტი ორლანდოში: ჰომოფობია თუ გლობალური ჯიჰადის შედეგი

22-06-2016, 22:12

ტერაქტი ორლანდოში: ჰომოფობია თუ გლობალური ჯიჰადის შედეგი 

 

გიორგი იმედაშვილი

 

ერთი კვირა გავიდა ორლანდოში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ და უკვე საკმირისი საგამოძიებო მასალები გამოქვეყნდა იმისათვის, რათა მეტ-ნაკლებად სრულყოფილად ვიმსჯელოთ როგორც კონკრეტული დამნაშავის მოტივაციაზე, ისე მომდევნო დანაშაულების თავიდან აცილების გზებზე, პოლიტიკოსების რეაქციების მართებულობაზე და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომელთა გააზრებაც აუცილებელია როგორც კონკრეტული შემთხვევის ისე სამომავლო პერსპექტივების განსჯისათვის. 11 ივნისს, ღამით, ორლანდოში, წარმოშობით ავღანელმა 29 წლის ომარ მათინმა გეი ღამის კლუბ „Pulse”-ში Sig Sauer MCX-ის ნახევრად ავტომარური ცეცხლსასროლი იარაღითა და ცხრა მილიმეტრიანი Glock 17- ით 49 ადამიანი მოკლა, ხოლო 53 დაჭრა და უკვე გამთენიისას სამართალდამცავებთან შეტეკების დროს თავადაც გარდაიცვალა. მოკლედ სწორედ ასე გამოიყურება მომხდარის აღწერა.

 

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხოცვა-ჟლეტა, ფაქტობრივად, ზუსტად სამ საათს გაგრძელდა- ვიცით, რომ სროლა ღამის ორ საათსა და ორ წუთზე დაიწყო, ხოლო დილის ხუთ საათზე კლუბში სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა, რომელთან შეტაკებაშიც თავდამსხმელი დაიღუპა. იქამდე მან რამდნჯერმე აიყვანა მძევლად კლუბში მყოფი სხვადასხვა ადამიანები და ას კაცზე მეტს ესროლა, აქედან როგორც ვიცით 38 ადგილზე დაიღუპა, 11 მოგვიანებით, 53 ადამიანი კი დაჭრილია. მათ შორის, სამწუხაროდ, არიან ძალზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიც. ამავდროულად, ამ სამი საათის განმავლობაში, მათინმა თავადვე სამჯერ დარეკა პოლიციაში. პირველად კლუბში შევლიდან მალევე, 2:22 საათზე და ოპერატორთან საუბრისას ახსენა ტამერლან და ჯოხარ ცარნაევები, 2013 წელს ბოსტონში განხორციელებული იმ ტერაქტის ავტორები, რომელმაც თავის დროზე 3 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, 264 კი მძიმედ დააზიანა. როგორც გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, გარდა ამისა, მათინმა ოპერატორს უთხრა, რომ ცარნაევების ტერაქტთან ერთად შთაგონებული იყო მუნირ მუჰამად აბუ სალჰას საქციელით- ეს ნაკლებად ცნობილი ტერორისტი მათინის მსგავსად ფლორიდაში, ფორტ პირსში ცხოვრობდა და კარგად იცნობდა მათინს. სალჰა არალეგალურად გადავიდა სირიაში, იქ „ალ-ნუსრას ფრონტს“ შეუერთდა და 2014 წელს ამ ორგანიზაციის სახელითვე დაიღუპა სუიციდური ტერაქტისას სირიის ჩრდილოეთით, იდლიბის პროვინციაში, პატარა ქალაქ არიჰაში. „ივერიის“ მკითხველს ეხსომება, რომ „ალ-ნუსრას ფრონტი“ თავისმხრივ მასზე ცნობილი ორგანიზაციის „ალ- კაიდას“ ერთგვარი სამხედრო ფრთაა და სირიაში იბრძვის, როგორც ასადის მთავრობის, ისე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. მიუხედავად ამ ფაქტისა, მათინმა 9-1-1-ის ოპერატორთან საუბრისას სალჰას ხსენების შემდეგ თქვა, რომ არა „ალ ნუსრას ფრონტის“, არამედ მისი ფორმალური მტრის, „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მოქმედებდა და ამ ორგანიზაციის „ხალიფას“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გამოუცხადა ერთგულება. ამ ერთი შეხედვით გაუგებარ, თუმცა ძალიან საინტერესო „შეუთავსებლობას“ კიდევ დავუბრუნდებით. 2:45-ზე მათინმა ადგილობრიც ტელევიზიაშიც დარეკა, „ნიუს 13“-ში და განაცხადა რომ თავდამსხმელი იყო, „ისლამურის სახელმწიფო“ ახსენა და ჩქარ-ჩქარა დაიწყო არაბული ფრაზების ჩამოთვლა, რის შემდეგაც, გასაგები მიზეზის გამო, ტელევიზიაში ვეღარ გაიგეს რას ამბობდა. გარდა ამისა, დილის ოთხ საათზე მესიჯი მისწერა ცოლს, ნურ სალმანს, ჰკითხა ახალ ამბებს თუ უყურებ რაც ხდებაო, სალმანს მოკლედ უპასუხია- არაო. როგორც აღმოჩნდა, იგი იქამდე რამდენჯერმე ცდილობდა მათინთან დარეკვას, მაგრამ ეს უკანასკნელი ტელეფონს არ იღებდა, როგორც ჩანს არ ეცალა, ისევ და ისევ გასაგები მიზეზის გამო.

 

ცხადია მომხდარმა შემაძრწუნებელი ეფექტი იქონია მთელ მსოფლიოში, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში შოკი კიდევ უფრო ძლიერი იყო- ეს ქვეყნის ისტორიაში მეორე ყველაზე სისხლიანი ტერაქტი და ყველაზე მასშტაბური ერთ ადამიანის მიერ მოწყობილი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა აღმოჩნდა, რომელიც კი როდესმე მომხდარა. რასაკვრიველია, გაჩნდა კითხვები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაგალითად, რატომ შეძლო თავდამსხმელმა ასე ადვილად შეღწევა კლუბში? რატომ ვერავინ გაუწია მას ადეკვატური წინააღმდეგობა, როდესაც კლუბში დაახლოებით სამასი ადამიანი იმყოფებოდა? საერთოდ რა ამოძრავებდა მკვლელს ჰომოფობიური მიდრეკილებები, თუ გლობალური ჯიჰადის ვალდებულება?

 

პირველ კითხვაზე პასუხი მარტივია, შეიარაღებულ მათინს წინააღმდეგობა გაუწია ორლანდოს პოლიციის დეპარტამენტის ფორმიანმა თანამშრომელმა- მიუხედავად ორხრივი სროლისა მათინი უვნებელი შევიდა კლუბში და იქ ადამიანების ხოცვა და მძევლების აყვანა დაიწყო. პოლიციელს მალევე შეუერთდა ორი კოლეგა, თუმცა მძევლების უსაფრთხოების გამო მათ, როგორც ჩანს, ვერ მოახერხეს მკვლელზე თავდასხმა, რომელიც მძევლებთან ირწმუნებოდა, რომ ტანზე ასეფეთქებელი მოწყობილობაც ჰწონდა დამაგრებული- რის გამოც შენობის შტურმს უფრო დიდი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ერიდებოდნენ- მძევლების დიდი ნაწილი ახლობლებს უკავშირდებოდა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. თავიდან უმრავლესობას სროლა კლუბური მუსიკის შემადგენელი ნაწილი, ან ფოიერვერკის ხმა ეგონა, მაგრამ მიუხედავად ამისა კლუბში მყოფი ადამიანების ნაწილმა გაქცევა მოახერხა, რასაც ისინი სროლის დაწყებისთანევე კლუბის მენეჯერების მიერ სოციალურ ქსელში, კლუბის ოფიციალურ გვერდზე დაწერილ სტატუსს უმადლიან, რომელიც ყველას ევაკუაციისაკენ მოუწოდებდა. კლუბში დარჩენილები მკვლელის უცნაურ საქციელებზე კიდევ უფრო მეტს ჰყვებიან, რამდენიმე მათგანისთვის მათინს უთქვამს, რომ „არ ჰქონდა პრობლემა შავკანიან ადამიანებთან“ და რომ მაშინ შეჩერდებოდა, როცა ამერიკა მის ქვეყანას აღარ დაბომბავდა.

 

ვცადოთ, გამოვიკვლიოთ რას შეეძლო ებიძგებინა და ხელი შეეწყო მათინისათვის ჩაედინა ეს საზარელი დანაშაული. პირველი ვერსია, რაც გეი კლუბზე თავდასხმის შემდეგ თავისთავად წარმოიშობა არის ჰომოფობია- ამ ვერსიის დადასტურება სცადა თავდამსხმელის მამამაც- სადიკ მირ მათინმა, რომელმაც მედიას განუცხადა, რომ მისი ვაჟი ძალიან გაბრაზდა, როდესაც მაიამიში დაინახა როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს მამაკაცები. ამის შემდეგ, თითქოს, ყველაფერი გაირკვა, პირველი ორი დღის მანძილზე მათინის ჩადენილი მკვლელობები მის ჰომოფობიურ მიდრეკილებებს დაბრალდა. ამ დროს, ქართულ და განსაკუთრებით რუსულ სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი გამოჩნდა, ვინც „მათინის მარჯვენას ლოცავდა“ და „მომკალი და ეგენი შესაცოდები არ არიან“-ს გამალებით პოსტავდა. მაგრამ, მალე გამოირკვა საქმე არც ესე ერთმნიშვნელოვნად მარტივადაა- აღმოჩნდა, რომ თავად მკვლელი 2013 წლიდან მოყოლებული რეგულარულად სტუმრობდა კლუბს, ერთობოდა იქ და როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, ომარი ხანდახან ისე თვრებოდა, რომ ფეხზე ვეღად იდგა და გარეთ დაცვის თანამშრომლებს გაგყავდა ხოლმეო. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ არამხოლოდ „Pulse”-ში არამედ ფლორიდის სხვა გეი კლუბებშიც ჰყავდათ მამაკაცებთან მოცეკვავე მათინი ნანახი. გარდა ამისა, მის ტელეფონში აღმოჩნდა რამდენიმე „gay hook up“ აპლიკაცია, რომელთა მეშვეობითაც ის სხვა მამაკაცებთან ცდილობდა კონტაქტის დამყარებას და ფოტოების გაცვლა-გამოცვლას (იყენებდა Jack’d-ს; Adam4Adam-ს და კიდევ Grindr-ს). მაგალითად, კევინ ვესტმა და კორდ კედენომ დაადასტურეს, რომ მათინი ონლაინ დაუკავშირდა მათ. კადენომ ისიც კი, განაცხადა, რომ მათინი უსიამოვნოდ უცნაური იყო და ამიტომ კონტაქტებიდან წაშალა. ერთ-ერთი ადგილობრივი ბარის პატრონი ჯიმ ვან ჰორნი კი გვიყვება, რომ მათინი მის ბარში თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დადიოდა და მამაკაცების „შებმას“ ცდილობდა. შეკითხვაზე, იყო თუ არა მათინი გეი, მამამისმა უარით უპასუხა და აღნიშნა, რატომ ატეხდა გეი კლუბში ხოცვა-ჟლეტას, თუკი თავადაც ჰომოსექსუალისტი იყოო და უნდა ვაღიაროთ, რომ ესეც საკმაოდ საინტერესო შეკითხვაა, რაზე პასუხის გაცემასაც სტატიის ბოლოს ვეცდები. მათინს პირველი ცოლიც ჰყავდა- სიტორა იუსუფი, რომელმაც განაცხადა, რომ ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და რომ საკუთარმა ოჯახმა „გადაარჩინა“ ქმრისგან. მისმა ამჟამინდელმა საქმრომ, მარკო დიასმა, ბრაზილიურ ტელევიზიასთან საუბრისას გაიხსენა, რომ ერთხელ იუსუფი შეესწრო, როგორ უწოდა ომარს მამამისმა სადიკმა „გეი“, მაგრამ ისიც თქვა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს მისი საცოლისთვის უთხოვია არ გაესაჯაროვებინა ეს ინფორმაცია ამერიკულ მედიაში. ასევე გამოჩნდა, ვინმე „მიგელი“, რომელიც იმტკიცება, რომ დეპრესიულ მათინთან ორთვიანი ურთიერთობა ჰქონდა და ამტკიცებს, რომ ეს უკანასკნელი სამხრეთ ამერიკული წარმოშობის მამაკაცებს ანიჭებდა უპირატესობას- ისე, იმ საბედისწერო დღეს კლუბში სწორედ ლათინო წარმოდგენა იმართებოდა.

 

რადგანაც მამისზე ჩამოვარდა სიტყვა, ვახსენოთ, რომ მას აქვს ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოები, რომელშიც აშკარად უჭერს მხარს „თალიბანის“ მოქმედებებს ავღანეთში, ღიად აქვს გაცხადებული ავღანეთის პრეზიდენტობის და დღევანდელი ყარზაის პროამერიკული მთავრობის წევრების დაკავების სურვილი. მან ძალიან ბევრი ინტერვიუ მისცა ამ კვირაში და გარდა ამისა, გაავრცელა მოკლე მიმართვა. ცდილობდა დაეგმო ვაჟის საქციელი, მით უმეტეს მუსლიმთა წმინდა მარხვის, რამადანის თვეში. ამბობდა, რომ მცოდნოდა რას აპირებდა ჩემი შვილი, აუცილებლად პოლიციაში მივიდოდიო. ამავდროულად, ხელს აფარებდა მათინის მეუღლეს, ნურ სალმანს, რომელმაც, როგორც ჩანს, იცოდა რას აპირებდა მათინი და იარაღის საყიდლადაც გაჰყოლია მას. მიმართვაში კი, სადიკ მირ მათინმა ახსენა, რომ ჰომოსექსუალისტებს ღმერთი დასჯით.

 

საკმაოდ უცნაური ცნობები შევაგროვეთ მათინის პიროვნების გარშემო. ამას დავამატოთ ისიც, რომ ის რეგულარულად დადიოდა ფორტ პირსის მეჩეთში და დაჰყავდა ვაჟიც. ასევე ცდილობდა პოლიციის აკადემიაში სწავლას, საიდანაც გამოაგდეს და ამტკიცებდა, იმიტომ მოხდა ასე, რომ მუსლიმი ვარო. ასევე გარკვეული პერიოდი მუშაობდა ციხის დაცვად და იქიდანაც გამოაგდეს, როგორც ამბობენ, ვირჯინიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მომხდარი ტრაგედიის შესახებ უშნო ხუმრობების გამო. გარდა ამისა, ის ყოფილა შემოწმებული გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ. როგორც გაირკვა, მასთან ერთად მეჩეთში დადიოდა ვინმე მუჰამად მალიქი, რომელსაც მათინი გამოუტყდა, რომ უყურებდა ანვარ ალ-‘ავლაკის ლექციებს და ძალიან მოსწონდა ისინი. ეს იემენელი მქადაგებელი, ერთი პერიოდი ამერიკაში სწავლობდა და დღეს ჯიჰადის მხარდამჭერი ვიდეოების გავრცელებით არის ცნობილი. სწორედ მისი „ლექციების“ ყურების შემდეგ გადაწყვიტა მათინის ნაცნობმა და „ინსპირაციამ“ მუნირ მუჰამად აბუ სალჰამ სირიაში საომრად წასვლა, სადაც, როგორც ვიცით, დაიღუპა კიდეც და გახდა პირველი ამერიკის მოქალაქე, რომელმაც სუიციდური აქტი ჩაიდინა სირიაში. მალიქს ფედერალური ბიუროსათვის მიუწოდებია დაინტერესებულიყვნენ მათინის პიროვნებით, მოკლე გამოძიებამ მისი ბრალეულობა ვერაფერში დაადგინა, მხოლოდ ვიდეოების ყურებისათვის კი, მოგეხსენებათ, არ იჭერენ.

 

რატომ ჩაიდინა მათინმა ეს დანაშაული?- ერთი პასუხი გვეუბნება, რომ ჰომოფობიის გამო, რაც ნაწილობრივ მართალია. მაგრამ ვიცით ისიც, რომ მათინი აშკარად ცდილობდა მამაკაცებთან კონტაქტს. ამერიკის პრეზიდენტმა, ბევრმა პოლიტიკოსმა და მედიამ ტერორიზმთან ერთად მომხდარს „სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის“-ის (ეგრე წოდებული „hate crime“-ის) კვალიფიკაციაც მისცა. ეს მაშინ ხდება, თუკი ადამიანი დანაშაულს სჩადის კონკრეტული რწმენის, რასის, პოლიტიკური მრწამსის, სექსუალური ან ეთნიკური იდენტობის ზიზღით გამოწვეული მიზეზების გამო. როგორც უკვე ვთქვით, თავიდან, ბევრმა ივარაუდა, რომ მათინს ეზიზღებოდა „არატრადიციული ორიენტაციის“ პირები და ამიტომ მოაწყო ტერაქტი სწორედ გეი კლუბში. მაგრამ ის გარემოება, რომ თავადაც იყო აშკარა ბისექსუალური მიდრეკილებების მქონე ასუსტებს ამ არგუმენტს, თანაც ძალიან. მეორე პასუხი გვეუბნება, რომ მათინმა გლობალური ჯიჰადის გავლენით ჩაიდინა ეს დანაშაული და ის ფაქტი, რომ მან სწორედ „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მოაწყო ეს ყოველივე, ამყარებს ამ არგუმენტს.

 

ზოგადად, ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენს დროში ისლამისტების ერთ-ერთ მთავარ ლოზუნგად იქცა, ისევე როგორც ზოგადად „გარყვნილ დასავლეთთან“ დაპირისპირება, ვითომდა „უბიწო“ ცივილიზაციის მხრიდან. სხვათა შორის, ეს პრორუსულ ნარატივში კიდევ უფრო გამოკვეთილად შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა არ არის სწორი. კარგად ვიცით, რომ ყველა საზოგადოებას ჰყავს ყველა ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის ადამიანები- განსხვავება თავისუფალ და დანარჩენ სამყაროს შორის მხოლოდ ის არის, რომ ერთგან რეალობისთვის დაუბრკოლებლად თვალის გასწორება შეუძლიათ, მეორეგან კი არა, ერთგან ამას ნორმალურ მოვლენად აღიარებენ, მეორეგან კი რატომღაც საშიშად თვლიან. ყველა აღმოსავლეთმცოდნე დამეთანხმება, რომ მუსლიმური კულტურისა აღმავლობის ხანაში, თუნდაც აბასიანთა სახალიფოს დროს, ჰომოფობია სულაც არ იყო ისეთი გავრცელებული მუსლიმთა შორის როგორიც დღეს არის. მაგალითად, კლასიკური ხანის ალბათ ყველაზე ცნობილი, საამაყო და ბრწყინვალე არაბი პოეტი აბუ ნუვასი (756-814) საკუთარ პოეზიაში არც მალავდა ახალგაზრდა ბიჭების სიყვარულს და ზოგადადაც, მამაკაცისა და ქალის სექსუალობის საკითხები მის პოეზიაში ერთ-ერთ მთავარ თემად გვესახება. ატ-ტაბარის ცნობით აბასიანი ხალიფა ალ-ამინიც (787-813) ღიად ანიჭებდა მამაკაცებს უპირატესობას, მაგრამ ბევრს აღარ მოგაცდენთ უფრო მეტი მაგალითის მოხმობით. აშკარაა, რომ შუა საუკუნეების მუსლიმური სამყარო როგორც მეცნიერების, კულტურის ისე ადამიანის პიროვნული თავისუფლებების მიმართ მეტად ლიბერალური იყო, ვიდრე დღევანდელი და სწორედ ამ მიზეზით განციდიდა აღმავლობას მაშინ, როდესაც კათოლიკური ეკლესიის უღელქვეშ მოქცეული ევროპა ყველაზე „ბნელ“ პერიოდში ეფლობოდა. უკვე რამდენი საუკუნეა პირიქით ხდება და ამის გავლენა ორივე სამყაროს ეტყობა- ევროპა და ზოგადად ქრისტიანული ცივილიზაცია ზოგადად მდიდრდება, ხოლო მეცნიერებისა და ფაქტობრივად, ყოველგვარი კულტურული თავისუფლების შეზღუდვების გამო მუსლიმური ქვეყნები დღეისათვის წინ ძალიან ნელა, ან საერთოდ ვერ მიდიან (ნავთობით გამდიდრებულებს არ ვგულისხმობ).

 

რასაკვირველია, ისიც საინტერესოა, რაზე დაყრდნობით მსჯელობენ მუსლიმი თეოლოგები ჰომოსექსუალიზმის დევნის აუცილებელობის შესახებ. კარგად ვიცით, რომ მუსლიმთა წმინდა წიგნის, „ყურანის“ დიდ ნაწილს ბიბლიური ამბებიც შეადგენს (რომელიც თავისთავად იუდეველების ხუთწიგნეულიდან იღებს სათავეს)- ამგვარად, ისევე როგორც ქრისტიანი თეოლოგების შემთხვევაში, მუსლიმების მიერ ჰომოსექსუალიზმის გაკიცხვა დიდწილად ერთსა და იმავე ნარატივს ეყრდნობა- ბიბლიური ლოტის, მისი ოჯახისა და მშობლიური ქალაქის გარშემო დატრიალებულ საკვირველ ამბებსა და სოდომისა და გომორას კარგად ცნობილ ისტორიას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყველას გვახსოვს. სათქმელია, რომ სულ ისლამის წმინდა წიგნში ჰომოსექსუალიზმის თემას ძალიან მცირე რაოდენობის პწკარები ეთმობა. თუ „ყურანის“ სურებს თანმიმდევრობით მივყვებით, პირველად ეს საკითხი გვხდება მეოთხე სურაში- „ქალები“, რომელიც მედინურია და ცნობილი არაბისტის, ეგნატე კრაჩკოვსკის კომენტარით 624-25 წლებში უნდ აიყოს ზეგარდმოვლენილი. ეს ის პერიოდია, როცა 622 წლის „ჰიჯრის“ (ანუ „გაქცევის“) შემდეგ, 2-3 წელიწადია გასული, მუჰამადი იასრიბის (დღევანდელი მედინას) მთავარი საერო და სასულიერო პირი ხდება და აწესრიგებს არამხოლოდ რელიგიურ, არამედ ყოფით საკითხებსაც. ეს სურა სწორედ სრულიად ყოფითი საკითხების მოგვარებას ეხება, მემკვიდრეობის დატოვების, ობლებზე ზრუნვისა და სხვა ამგვარი „პროცედურების“ წესების შემუშავებას. სწორედ ამ სურაშივე არის ლაპარაკი იმაზე, რომ მრუშობაში ეჭვმიტანილი ცოლის ბრალეულობა ოთხმა მოწმემ უნდა დაადასტუროს. სწორედ ამ საკითხზე საუბარს მოსდევს მოკლე პასაჟი, რომელსაც „ყურანის“ გიორგი ლობჟანიძისეული ბრწრწყინვალე ქართული თარგმანიდან უცვლელად მოვიყვან: 20 (16) „და თუ ორი თქვენგანი ჩაიდენს მას (მრუშობას) დასაჯეთ (დაამუნათეთ) ის ორი, ხოლო თუ კი მოინანიეს და გამოსწორდნენ, თავი დაანებეთ მათ. ალაჰი მიმტევებელია, მწყალობელი“.

 

პირველი, რაც თვალში მოგვხვდება არის სიტყვები „ორი თქვენგანი“, ამ შემთხვევაში გამოყენებულია არაბული ენის ორობითი სისტემის მამრობითი სქესი,  ანუ იგულისხმება ორი მამაკაცი, თუმცა მუსლიმი თეოლოგები ამ ადგილის განმარტებისას, როგორც წესი, მამაკაცის დაქორწინებულ ან დაუქორწინებელ ქალთან არაცოლმქრულ კავშირსაც გულისხმობს და ქალების ლესბოსურ სიყვარულსაც. ამაზე დავა შეიძლება, მაგრამ ისიც მართალია, რომ როდესაც ერთად ორივესი- ქალებისა და კაცების მოხსენიება სურთ, არაბულ ენაში ყოველგვარი მრავლობითის გამოსახატად ძირითადად მამრობით ვარიანტს იყენებენ ხოლმე. ისიც შესამჩნევია, რომ მიუხედავად დამუნათებისაკენ მითითებისა, ალაჰი მოწყალეა მონანიების შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით „ისლამურ სახელმწიფოზე“, რომლის წევრებიც დაკავებულ ტერიტორიებზე სასტიკად სჯიან მამათმავლობაში მხილებულ პირებს. სხვადასხვა შემთხვევაში, მათ მაღალი შენობის სახურავებიდანაც კი ყრიან- მაგალითად იანვარში სირიის ქალაქ დაირ ალ-ზურში 15 წლის ბიჭი გადმოაგდეს სახურავიდან და ამგვარად დასაჯეს სიკვდილით. არადა, ის უბედური მხოლოდ გაუპატიურების მსხვერპლი იყო და როგორც აღმოჩნდა, მასზე თავდამსხმელი სწორედ „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიცერი აბუ ზაიდ ალ-ჯაზრავი აღმოჩნდა, რომელმაც ამ საქციელის გამო სასჯელად მხოლოდ ფრონტის წინა ხაზზე გადაიყვანა მიიღო. არქეტიპულად სწორედ ასეთია ჯიჰადისტური ორგანიზაციების სამართალი.

 

როგორც ვნახეთ, ყურანი ყველაზე რადიკალურ შემთხვევაში ჰომოსექსუალების დასჯას ითხოვს, მაგრამ ჰადისებში მოწოდებები მწვავდება. „ყურანის“ სხვა პწკარებში კი მხოლოდ გახრწნილ და გარყვნილ ადამიანებს უწოდებენ ამ სქესობრივი ორიენტაციის პირებს (მაგალითად იხილეთ XXVI სურა „მგოსნები“; 165-166 აიები). მაგრამ, ისიც აღსანიშნავია, რომ ლოტის ეპიზოდში ალაჰი ასეთი ცოდვების გამო ანადგურებს მის ტომს (ბიბლიურ ეპიზოდისაგან განსხვავებით აქ სამუდის ტომთან ხდება მოციქული სალიჰის გაგზავნა და არა სოდომსა და გომორაში ანგელოზების, როგორც ეს ბიბლიურ ამბავშია. იხილეთ მეშვიდე სურა „ზღუდეები“; 71 აიადან). სისასტიკის მაგალითები არაერთი გვხვდება ჰადისებში. ბევრი მათგანის მოხმობა არც არის საჭირო. მეცხრე საუკუნის დიდი მუსლიმი მუჰადისისა და მოღვაწის აბუ დაუდის მიერ შეკრებილ ჰადისების კრებულში „სუნან აბუ დაუდ“ ნათქვამია, რომ ამგვარი ცოდვის დაქორწინებული ჩამდენი უნდა ჩაიქოლოს (4448), ხოლო როგორც აბუ დაუდთან (4462), ისე კიდევ ერთ უმნიშნელოვანეს მუჰადისთან ალ-თირმიზისთან (1:152) ნახსენებია, რომ უნდა დაისაჯოს ორივე ამ ცოდვის მონაწილე, ვინც სჩადის და „ვისზეც“ სჩადიან. სწორედ ამგვარი მინიშნებებით ამართლებენ თუნდაც იმ უბედური 15 წლის ბიჭის მკვლელობას ექსტრემისტები.

 

თეოლოგიური საკითხიდან ისევ პრაქტიკულს დავუბრუნდეთ. მსოფლიოში 10 სახელმწიფოა, სადაც ჰომოსექსუალიზმი კანონიერად ისჯება სიკვდილით, ათივეში უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ. ესენია: ირანი, კატარი, სომალი, ავღანეთი, საუდის არაბეთი, იემენი, გაერთიანებული არაბული საამიროები, ჩრდილოეთ სუდანი, მავრიტანია და ნიგერია, რომლის ჩრდილოთ ნაწილში მდებარე შტატებშიც შარიათის სამართალი მოქმედებს. ასევე პრაქტიკულად ამავეს ყველაზე ბრუტალური მეთოდებით ანხორციელებს სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფო“. ზოგადად კი, 70-ზე მეტ ქყვენაში სხვადასხვა სასჯელით ისჯება მამათმავლობის „ჩამდენი“, თავად სასჯელი კი მერყეობს გაროზგვიდან ფულად ჯარიმებამდე. სრული სია ინტერნეტში ადვილი მოსაძიებელია. ეს ყველაფერი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია.

 

ჯიჰადი მუსლიმთა რელიგიური ვალდებულებაა, რომელიც ორი სხვადასხვა განმარტებით ან ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლას, ან საკუთარ თავში მაცდურთან, ეშმაკთან გამართულ ბრძოლას ასახავს. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად შემოგთავაზებთ ვრცელ მიმოხილვას მომავალში, მაგრამ ახლა ამისათვის არ გვცალია. ჯიჰადის პირველ განმარტებას ახვევენ თავს ისლამისტური ორგანიზაციები მთელს მუსლიმურ სამყაროს და ამგვარად ცდილობენ მსოფლიოში დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ისლამსა და „გარყვნილ“ ქრისტიანულ ცივილაზიცას შორის მძვინვარე ომის ველად წარმოაჩინონ. ამ ტაქტიკით ისინი პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძვიან და აქტიურად იყენებენ ტერორს, როგორც მუსლიმური ისე არამუსლიმური მოსახლეობის წინააღმდეგ. მომრავლებულია გლობალური ჯიჰადისკენ მოწოდებებიც- ტეორისტები და რადიკალი სასულიერო პირები დასავლეთში მცხოვრებ მუსლიმებს ტერორისტული აქტების მოწყობისაკენ და უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისაკენ მოუწოდებენ. ზემოთქმული ნარატივის პროპაგანდა გასული 40-50 წლის მანძიზლე ფართოდ გავრცელდა ჯერ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, დღეს კი თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით მთელს მსოფლიოში პრაქტიკულად შეუზღუდავად გადაიცემა. ამას ართულებს ის ფაქტი, რომ ისლამში არ არსებობს არანაირი იერარქია, ანუ სასულიერო პირებს არ ჰყავთ ზემდგომი ორგანოები, რომლებიც რელიგიის ნორმების დარღვევისათვის, რადიკალურად აგრესიული ნაბიჯებისთვის მათ გაკიცხავს ან განკვეთს. ასე რომ, ყველა პირი, რომელიც აღიარებულია თუნდაც მცირე რაოდენობის მიმდევრების მიერ, თავს შეიხსა და იმამს უწოდებს, გადასცემს ქადაგეგებებს ინტერნეტით და შეუზღუდავად მოგზაურობს „ლექციების“ ჩასატარებლად. კარგი მაგალითი მათინის საქმიდანაც ჩანს- ანვარ ალ-‘ავლაკი, რომელიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე თავისუფლად მოძრაობდა აშშ-ს ტერიტორიაზე. მაგალითად შეიხ ფარუხ სეკალესფჰარმა ლექცია ჩაატარა ორლანდოშიც, ტრაგედიის ადგილიდან 30 მილის მოშორებით მდებარე სენფორდის ჰუსეინის ილსამურ ცენტრში, პირველად ჯერ კიდევ 2013 წელს და მეორედ ამა წლის მარტში. ცნობილია მისი რადიკალური გამონათქვამები, მათ შორის ჰომოსექსუალისტების სიკვდილით დასჯის მოთხოვნით. ეს ადამიანი ბრიტანეთში ჯერაც სამედიცინო დოქტორის ხარისხით ექიმად მუშაობს, რამდენადაც ვიცი. ასეთი პირები დასავლურ ქვეყნებში მცხოვრები მუსლიმური უმცირესობების რადიკალიზაციას ახდენენ, როგორც ასეთი ლექციებით, ისე ინტერნეტში გავრცელებული ქადაგებებით, სოციალური ქსელებით, ხოლო ზოგიერთ მეჩეთში წარგზავნილი, სპეციალურად მომზადებული სასულიერო პირებითა და ფულით.

 

„ისლამური სახელმწიფო“ სწორედ ამ ტაქტიკის გამოყენებით აგროვებს მხარდამჭერებს მთელს მსოფლიოში და დიდ წარმატებასაც აღწევს ამ მიდგომით. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ბრიტანეთში მუსლიმი უმცირესობიდან უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა ამ ტერორისტულ ორგანიზაციას, ვიდრე თუნდაც ბრიტანულ არმიას. სანამ „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები გლობალური ჯიჰადის მოწოდებასთან ერთად, თუნდაც რაღაც პატარა ტერიტორიაზე ახერხებენ ძალაუფლების შენარჩუნებას ამ ნარატივს ძალიან დიდი ძალა აქვს, იმდენად დიდი, რომ დასავლეთში მცხოვრები რადიკალი მუსლიმები აღარც ინტერესდებიან კონკრეტული ორგანიზაციების ერთმანეთთან არსებული დავებით და უბრალოდ ჯიჰადში მონაწილეობას ცდილობენ- სწორედ ამიტომ, ომარმა უნებლიედ და დაუბრკოლებლად ახსენა ერთად ორი ერთმანეთისათვის მტრული ორგანიზაცია- „ისლამური სახელმწიფო“ და „ნუსრას ფრონტი“ (რომლის წევრიც მისი ამხანაგი სალჰა იყო). მათინი არად აგდებდა და შესაძლოა, არც კი იცნობდა ამ ორგანიზაციებს შორის არსებულ იდოლოგიურ განსხვავებებსა და სისხლიან დაპირისპირებას, მისთვის ორივე ჯიჰადის წმინდა საქმეს ემსახურებოდა. უბრალოდ „ისლამური სახელმწიფო“ დღეისათვის უფრო დიდი „ფრენჩაიზია“ და ამიტომ ერთგულბაც მას შეჰფიცა.

 

აშკარაა, რომ ამგვარი თავისუფლება ამ ორგანიზაციებს არ უნდა ეძლეოდეთ და რადიკალი მუსლიმი სასულიერო პირებიც მაქსიმალურ ზეწოლას უნდა განიცდიდნენ. მაგალითად, ვთვლი, რომ აუცილებლად შესამოწმებელია ფორტ პირსის მეჩეთი- იქ ხომ უკვე ორი აშკარა ტერორისტი დადიოდა- მათინი და სალჰა. გარდა ამისა, აშშ-მ და სხვა თავისუფალმა ქვეყნებმა უნდა დაიწყონ სხვა საეჭვო მეჩეთებისა და ისლამური ცენტრების შემოწმება და მაქსიმალურად უნდა ისარგებლონ ისეთი პატიოსანი მუსლიმების დახმარებით, როგორიც იყო მუჰამად მალიქი, ადამიანი, რომელმაც თავის დროზე მათინის შესახებ გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, ასეთი ძალიან ბევრია. გარდა ამისა, თავისუფალმა სამყარომ აუცილებლად ღია და აშკარა ომი უნდა გამოუცხადოს ჯიჰადისტურ მოძრაობებს, პირველლ რიგში „ისლამურ სახელმწიფოს“ და რაც შეიძლება მოკლე დროში აღგავოს პირისაგან მიწისა ეს ორგანიზაცია. უნდა დაიწყოს ფართო იდეოლოგიური დაპირისპირებაც, თავისუფალი ქვეყნები უნდა დაეხმარონ ისლამის რეფორმაციის ჯერჯერობით ძალიან სუსტ მოძრაობას და პირიქით მაქსიმალურად შეზღუდონ რადიკალური სასულიერო ოპირების წიგნების, ლექციებისა და ქადაგებების გავრცელება. როგორც, თავის დროზე, კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ მიდიოდა იდეური დაპირისპირება, ისეთივე უნდა აგორდეს რადიკალური ისლამისტებისა და ჯიჰადისტური ორგანიზაციების წინააღმდეგ. გასული ათი წლის მანძილზე მათთან ლოლიავმა კარგი არაფერი მოიტანა- დღესაც კი, ამერიკის პრეზიდენტიდან დაწყებული, ფაქტობრივად, არც ერთი თანამდებობის პირი არ არქმევს ანტიდასავლურ მოძრაობას ნადვილ სახელს და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ „ამ ტეორისტებს არაფერი აქვთ საერთო ისლამთან“.

 

რაც შეეხება ამ კონრკეტული შემთხვევის მერე იარაღების შეძენის შეზღუდვისკენ მოწოდებებს, რამაც წალეკა ამერიკული პრესა და სოციალური ქსელები, მათ არ ვეთანხმები. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თავის დაცვისუნარიანი, მეტი შეიარაღებული პირი რომ ყოფილიყო თუნდაც იმ დღეს კლუბში, მათინი ამ მასშტაბის ტრაგედიას ვერ დაატრიალებდა. დღეისათვის, 300 მილიონზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღია აშშ-ში რეგისტრირებული კერძო მფლობელობაში. რასაკვრიველია, ზოგ შემთხვევაში ეს წარმოადგენს რისკსაც, რომ ადამიანები ამ იარაღებს გამოიყენებენ დანაშაულისათვის,მაგრამ მეორეს მხრივ აჩენს უფრო დიდი დაცულობის განცდას ყოველი მოქალაქისათვის, ვინც შეიარაღებულია- პოტენციური თავდამსხმელებისათვის კი, დამატებით საკმაოდ დიდ თავსატეხს აჩენს- „და რა იქნება, თუკი სახლის პატრონი ლოგინის ქვეშ ვინჩესტერს ინახავს?“. ბრწყინვალე ფილოსოფისის, ჩეზარე ბეკარიას სიტყვებს დავიმწომებ: „იარაღის ტარების ამკრძალავი კანონები მხოლოდ მათ განაიარაღებს, ვინც არც მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ და არც აპირებს ამას.“ სრულიად ლოგიკურია, ამ წესს იცავენ კანონმორჩილი ადამიანები, რომლებიც არც კი გეგმავენ რაიმე დანაშაულის ჩადენას. ხოლო პოტენციური დამნაშავე, ისედაც აპირებს კანონის დარღვევას და ამ შემთხვევაში ის მაინც ცდილობს არალეგალურად იარაღის შეძენას, რის დროსაც მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს კიდევ ერთ დარღვევას მიუმატებს თუ არა დანაშაულს. კანონმორჩილი მოქალაქე კი, მართლაც, განიარაღებული და დაიცველი რჩება. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაულის ჩამდენებს ცეცლსასროლ იარაღზე მეტად ორი თვითმფრინავი გამოადგათ.

 

ისიც გვახსოვს, რომ რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ყოველგვარ გალაშქრებას მემარცხენე ძალები და LGBT უმცირესობების წარმომადგენლები ყოველთვის აპროტესტებდნენ და დღეს ბევრი მათგანი თავს დაღალატებულად გრძნობს. ისიც სათქმელია, რომ ძალიან ბევრმა მემარცხენემ, რატომღაც გადაწყვიტა, რომ იმ ადამიანებს, ვინც აშშ-ში ერთსქესიან ქორწინებებს ეწინააღმდეგება (ასეთი კი ძალიან ბევრია) არ აქვთ „მორალური უფლება“ გააპროტესტონ ორლანდოს ტერაქტი. ეს გაუგონარი სისულელეა. ჟურნალისტმა ჯონა გოლდბერგმა მართებულად შენიშნა: „მე პოლიგამიის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასევე იმის წინააღმდეგი, რომ პოლიგამიური ქორწინებაში მყოფი ადამიანები ტეორისტებმა გაწყვიტონ“. რასაკვირველია, ჩვენც არ გვჭირდება ვიყოთ ვეგანები იმისათვის, რათა ვეგანურ კაფეზე ძეხვებით შეიარაღებულ პირთა თავდასხმა არ მოგვწონდეს. დღევანდელ, საკმაოდ კომპლექსურ ვითარებაში საჭიროა, რომ ყოველგვარი საზოგადოება საჭირო ანალიზს კონრკეტული სტერეოტიპებისა და წინასწარ მომზადებული ჩარჩოების გარეშე ახდენდეს.

 

როგორც ჩანს, ომარ მათინი აშკარად გრძნობდა მამაკაცების მიმართ ლტოლვას, ზუსტად ვიცით, რომ ჰქონდა მათთან ურთიერთობა და ასევე ჰყავდა ორი ცოლი, კვირაში ოთხჯერ დადიოდა იმ მეჩეთში, სადაც მასთან ერთად, როგორც მინიმუმ, ერთი ჯიჰადისტი ლოცულობდა და ასევე, რეგულარულად უსმენდა ისეთი ადამიანების ლექციებს, რომლებიც ჰომესექსუალებისა და ბისექსუალების სიკვდილით დასჯას „წმინდა საქმედ“ მიიჩნევდნენ. რასაკვრველია, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ შეიქმნებოდა მის ფსიქიკაში კოგნიციების (ანუ აღქმების) დისონანსური (შეუთავსებელი) მდგომარეობა- ერთის მხრივ აშკარად გამოხატული მიდრეკილებები მამაკაცებისადმი და მეორეს მხრივ, ამის ზიზღი, რასაც მის გარშემო არსებული საზოგადოება და ჯიჰადისტური ნარატივი უღვივებდა. სწორედ ამიტომ, ყველას აღწერით ის „უცნაური“, „დათრგუნული“, „დეპრესიული“ და „აგრესიული“ იყო- ლეონ ფესტინგერის თეორიით ხომ სწორედ ამ სიმპტომებს იწვევს კოგნიტური დისონანსი ადამიანის გონებაში. შემიძლია დავიფიცო, რომ ყველაზე უფრო დათრგუნულ პერიოდებში მათინი საკუთარ ვნებებს „გარყვნილი დასავლეთის“ ზემოქმედებას აბრალებდა, რაც მის ჯიჰადისტურ მიდრეკილებებს კიდევ უფრო აძლიერებდა. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ ტერორიზმის აქტთან ერთად ეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული იყო, მაგრამ არა იმდენად ჰომოფობიური მიდრეკილებების, არამედ ჯიჰადისტური, რადიკალი ისლამისტებისადმი დამახასიათებელი ყველაფერი თავისუფალისა და დასავლურის სიძულვილით ნაკარნახევი.

 

P.S. ცნობისთვის, მათინი წარმოშობით ავღანელი იყო, მის ქვეყანაში არასებობს ძველი გამოთქმა: „ქალი- ბავშვისთვის, მამაკაცი- სიყვარულისთვის“. ასევე, შუა აზიის ყველა სპეციალისტი დამეთანხმება და მსურველებს შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ მთელს ავღანეთსა და პაკისტანის ზოგიერთ რეგიონში ისტორიულად არსებობს „ბაჩა ბაზის“ ინსტიტუტი. ბაჩა სპარსულად ბიჭს ნიშნავს, ბაზი- თამაშს. გოგოსავით მოხატულ, სექსუალურ მონობაში მყოფ ყმაწვილ ბიჭებს სწორედ ასე უწოდებენ ავღანეთში და მიუხედავად იმისა, რომ ბიჭების დამონება კანონით ისჯება, ეს ფენომენი ფართოდ არის გავრცელებული როგორც პაკისტანის ზოგიერთ რაიონში, ისე მთელს ავღანეთში. ამ მხრივ „აღმავლობის“ ხანა იყო ამ ქვეყანაში მათინის მამის ფავორიტი დაჯგუფების, „თალიბანის“ დომინაციის პერიოდი (1994-2001), არადა ისლამური შარიათი ამგვარ გარყვნილებას კრძალავს. მაგრამ ვითომდა მუსლიმური წესით მართულ ქვეყანაში მმართველ ფენას ეს არ აბრკოლებდა- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთია ჯიჰადისტი ტირანების სამართალი, ხოლო ტირანთა ხვედრი როგორია ხოლმე, ამას აღარ შეგახსენებთ.