უცვალებელი თუ მარადიულად ცვალებადი?

30-11-2016, 18:34

უცვალებელი თუ მარადიულად ცვალებადი?

D E M I U R G

ნაწილი პირველი

 

30 სექტემბერს საქართველოს რომის პაპი ეწვია.

 

100 კაციანი წარმომადგენლობა, რომელშიც 70-მდე ჟურნალისტი შედიოდა, მართლაც რომ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

 

ნამდვილი ეგზოტიკა: პაპი, კარდინალები, შესამოსლები, დაბრძენებული, მძიმე ტვირთისგან დადუმებული სახეები, ფერები... ვატიკანის ფერები, თარჯიმნები, იტალიური ენა.

 

მართალია, მაგ დროს საარჩევნო ბატალიებზე ვიყავით გადართულნი, მაგრამ მისი ჩამოსვლისთანავე გადავწყვიტე, როგორც კი მოვიცლიდი თავიდან ბოლომდე მენახა როგორ ჩაივლიდა ეს ისტორიული და შეუდარებელი „ლიტურგია“.

 

ვინც ვერ ნახეთ და ვერ მოიცალეთ, პირობას გაძლევთ, რომ ვიქნები სრულიად გულწრფელი და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოვყვები რა და როგორ იყო.

 

მაშ ასე, 2016 წლის თებერვლიდან მოყოლებული, მოციქულთა თავმა-პეტრემ, რომლის ფარაშიც 1 300 000 ცხვარი შედის, მოიარა თითქმის ყველა კუთხე კუნჭული, მთავარი სიტყვა მისი ქადაგებიდან ასე ჟღერდა „მშვიდობა თქვენდა“.

 

ჯერი ჯორჯანაზე (საქართველო) მიდგა... სადაც მას ღვიძლი ძმა - ანდრია ელოდა, აქ უკვე აჩქარდა გული, სასიამოვნოდ დაირღვა სიმშვიდე, ჯორჯანა....

 

მიფრინავდა ქრისტესნაცვალი იბერიისკენ და თან ფიქრების კორიანტელი ჰქონდა გულსა და გონებაში:

 

- ვერაფერი გამიგია, როცა კუბაში კირილეს შევხვდი მაშინ არ ვღელავდი ასე, ახლა რა მჭირს, ვის აღარ შევხვდი, ვინ აღარ ვნახე... ფიქრობდა თავისთვის, თან უხაროდა, დიდი ხნის უნახავ ძმასთან მიდიოდა სტუმრად, სადაც, თავისი მცირე, პაწუა და საყვარელი მრევლი ელოდებოდა დიდის ზარზეიმით.

 

- ასაკშია, თუმცა კარგად დგას, არ იმჩნევს მაგრამ ალბათ თავადაც ღელავს - ხმადაბლა ჩაილაპარაკა რომელიღაც კარდინალმა, თითქოსდა პეტრეს ფიქრები წაიკითხაო.

 

- ლეგენდები დადის ანდრიაზე, მის სტუმართმოყვარეობაზე - არ დაუგვიანა პასუხი პეტრემ, სიამაყე და სიხარული იგრძნობოდა მის განწყობაში.

 

- ჯორჯანას უჭირს, მთავრობაში ბავშვები ყავთ, მემგონი ანდრია ყველაზე უხუცესია მთელს ქვეყანაში, დიდხანს აცოცხლოს მამაზეციერმა - ხმამაღლა დალოცა იმავე კარდინალმა.

 

- თუკი სადმე რომის უპირატესობა ქარწყლდება ეს ჯორჯანაა, თუკი სადმე უპირატესობის ნაცვლად, ამაყ თანასწორობას იგრძნობთ ესეც ჯორჯანაა - ძალიან ფრთხილი, მაგრამ დარბაისლური ტონით ჩაერთო საუბარში მეორე კარდინალი.

 

- რატომ? არც შეუხედავს მოსაუბრისთვის ისე იკითხა პაპმა.

 

- იმიტომ თქვენო უწმინდესობავ, რომ მანდ ანდრიაა და თანაც პირველწოდებული, მას მოუწოდა პირველად უფალმა...

 

- ნეტა წამომყვება გაერთიანებაზე? აღარ დადგა დრო რომ წარსულის შეცდომები გამოსწორდეს? თავიანთ მართლმადიდებელთა კრებაზეც არ ყოფილა, კრეტაზე, ნაბიჯს არ დგამს გვერდით... წარსულში ჩაიძირა პეტრეს ფიქრები.

 

- ვიცი, ქორწინების საკითხი არ მოწონებია, შეუთვალა ამოიღეთ დღის წესრიგიდან ან კრება გადაავადეთო.

 

- მერე?

 

- არაფერი , მაინც შეიკრიბნენ 14-დან 4 - იოანე (ანტიოქია) , ანდრია (საქართველო), კირილი (მოსკოვი), ნეოფიტე (ბულგარეთი) არ მივიდნენ... დეტალურად შეახსენა დარბაისელმა კარდინალმა.

 

- გასაგებია , ჩვენ ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ, თავიანთი პრობლემებიც ჰქონიათ ესეიგი, მოემზადეთ ვჯდებით...

 

ამასობაში აქ, თბილისის ქუჩებში, ორი სახის ბრბოსმაგვარი წარმონაქმნი დარბოდა

ერთნი გაჰყვიროდნენ რომ პატრიარქი უხერხულში ჩააგდო პრეზიდენტმა იმით, რომ დაუკითხავად დაპატიჟა პაპი საქართველოში, რომ პეტრე ჯერ, ახლახანს აღორძინებულ და მოძლიერებულ იეზუიტთა ორდენის წევრია და მერეა კათოლიკე, რომ პაპი ერესშია ხოლო პატრიარქი „პლენში“.

 

მეორენი გაჰყვიროდნენ, რომ პატრიარქი კგბ-ეს აგენტია და კირილის დაკრულზე ცეკვავს და რომ პეტრე პროგრესია ხოლო ანდრია რეგრესი.

 

მადლობა ღმერთს ამ პაპუასების ექო, აეროპორტშივე ჩაახშო პეტრეს „რკინის ჩიტის“ ხმამ.

 

1) ჩამოსვლა-დახვედრა

 

წითელი ხალიჩა.

 

ოდნავ დაძაბული და ქაოტური ხალხმრავლობა.

 

პეტრეს, ყურებამდე გაღიმებული პრეზიდენტი და მიმიკით უძრავი პატრიარქი მიეგებნენ, მწვანეში შემოსილი პირველი ლედითურთ, ამ უკანასკნელს კი დაახლოებით ისეთივე ეფექტი ჰქონდა, როგორიც ფილმ „მატრიცაში“ წითელ ქალს აქვს.

 

თეთრებში შემოსილი ჩამოვიდა რომის პონტიფიკი.

 

შავებში დახვდა ანდრია.

 

პეტრემ პირწმინდად დაიცვა სახარების რომელიღაც მუხლი, ძმათაშორის უპირატესის თავმდაბლობაზე სადაც არის ლაპარაკი და ანდრიას - უმცროსი ძმის პანაღეას ემთხვია, ხოლო მანამდე კი პატრიარქის დაცვის ერთერთ წევრს ამოხედა, გაურკვევლობა იგრძნობოდა - რაში ჭირდება დაცვა?... ალბათ მეტისმეტი მონდომებისგან - თავადვე ინუგეშა თავი, თუმცა მომდევნო დღეებში იხილა რა ამ დაცვის წევრის მეტადრე დამხმარეს ფუნქციები, ანდრიას მოხუცებულობიდან გამომდინარე, ალბათ ეს მცირე წყენაც გადაავიწყდა სამუდამოდ.

 

აბსოლუტურად ყველა მოწიწებით და კრძალვით მიესალმა სტუმარს.

 

ამ ისტორიულ, საკრალურ ძმათაშორის შეხვედრას პირდაპირ ბილწავდა, დრომოჭმული, ფორმიანი საორკესტრო გუნდი, რომლის „შტურმიც“ ამაზრზენი და გაურკვეველი ხასიათის მელოდიებს გამოსცემდა.

 

დამხვედრი პირებიც საჭიროზე მეტი მოჩანდა კადრებში.

 

პატარაა ჯორჯანა, სტუმარი კიდევ ღვთისაა, ასე რომ არაუშავს.

იყო ჰიმნიც, აქ უკვე ორივე ძმას ეტყობოდა, რომ გეგმავდნენ მალე მოეთავათ „პირადი“ და ფორმალური საქმეები, რათა შემდგომ გემრიელად შეხვედროდნენ ერთმანეთს, სალაპარაკო მართლაც რომ ბევრი ჰქონდათ დაგროვილი...

 

ყვითელ კეპებში, ცალკე შემოღობილში, მხიარული მრევლიც ჟრიამულობდა, ბედნიერი სამწყსო, შეძახილებით და სიხარულის ბგერებით.

 

საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა, მწვანეში შემოსილმა პირველმა ლედიმ ერთხელ უხერხულადაც კი გადაჭრა წითელი ხალიჩა, მაინც ყველაფერი კარგად გამოიყურებოდა, დაძაბულობა სიხარულმა გადაწონა.

 

2) პრეზიდენტის სასახლე

 

აქ თავიდან პირველ ვიდეოს ვუყურე, რომელიც 50 წუთამდე გრძელდება და 30 წუთი სტუმრების მოსვლას, ადგილების დაკავებას ეთმობა, ხოლო სიტყვით გამოსვლაში სულ რაღაც 8-9 წუთი დახარჯეს, ჯერ პრეზიდენტმა, შემდგომ კი პაპმა.

 

შეხვედრა რომელიც პროტოკოლით, 300 ადამიანზე იყო გათვლილი და წესით პოლიტიკური ხასიათის უნდა ყოფილიყო, აშკარად ფორმალური და შესამჩნევად სუსტი გამოდგა, კი გაიჟღერა პოლიტიკურმა ფრაზებმა, მაგრამ შემდეგ პაპის აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრებსაც გადავხედე ცალი თვალით, დავინახე რა პაპი როგორც პოლიტიკოსი და მივხვდი რომ ჯორჯანაში პეტრე, ყველაზე ნაკლებად პოლიტიკოსის ამპლუაში ჩამოვიდა.

 

ეგზოტიკა არც ამ შეხვედრას აკლდა, დამსწრე საზოგადოება, როგორც რელიგიურად ასევე ეთნიკურად მეტად ეკლექტური იყო.

 

უნდა ვაღიაროთ რომ წამყვანი ფერები ამ კულტურათა სპექტრში, კარდინალებს ეკავათ, მათი შესამოსელი, იდუმალი, უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციისგან დამძიმებული მაგრამ მშვიდი გამოხედვა, ასევე ჩანდა ცნობისმოყვარეობა მათ სახეზე, იგრძნეს რა რბილად რომ ვთქვათ განსხვავებული ქვეყნის აურა, სადაც დღემდე დაძრწიან მეფეების, დიქტატორების და ვინ მოთვლის კიდევ ვისი აჩრდილები...

 

კარდინალებს და ვატიკანის ეშხს მეტნაკლებ კონკურენციას უწევდა რომელიღაც მუსლიმური კონფესიის წარმომადგენელი, ყავისფერ შესამოსელსა და თეთრ „ყაბალახში“... უდაბნო, აზია, მუჰამედი, მწველი მზე და ცხელი სისხლი იგრძნობოდა.

კადრში, არაერთხელ გამოჩნდა, ელფერით იუდაიზმის წარმომადგენელიც, ამაყი და ცივი გამოხედვით, „შარვალ-კოსტუმით“ და ცილინდრის ფორმის ქუდით, მოკლე მოყავისფრო წვერით, სათვალე - „ლენონებით“.

 

რა თქმა უნდა სამკუთხა „კაპიშონებში“ შემოსილი, სომხური ეკლესიის წარმომადგენლებიც იყვნენ, მხიარული სახეებით.

ადგლიობრივ , მასპინძელ მღვდლებზე აღარაფერს ვამბობ.

მოკლედ როგორც იტყვიან „full“ პაკეტი იყო... ერთადერთი იუდა აკლდათ.

 

პარადოქსია მაგრამ პოლიტიკურ შეხვედრაზე ყველაზე ნაკლები გასნხავება, სწორედაც რომ დამსწრე პოლიტიკოსთა შორის იყო, ვგულისხმობ პოლიტიკურ ხედვებსა და იდეებს, ფიგურებს თუ პარტიათა წარმომადგენლებს, არ ვიცი იყო თუარა პოლიტ-ოპოზიცია დაპატიჟებული, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ მათ (ოპოზიციას) ნაკლებად ეცალა პეტრესთვის, ებრძოდნენ რა მაგ დროს, ოლიგარქის საცეცებს საარჩევნო კამპანიებში.

 

1-2 „ქერაც“ დავინახე.

 

სამწუხაროდ გამოჩნდა ფინანსთა, აწ უკვე ყოფილი მინისტრის, სხვა ორ პირთან ერთად ცალკე „კუტოკად“ დგომა და ნერვული ღრეჭა, დაახლოებით ისეთი პანაშვიდზე რომ ემართებათ ხოლმე.

 

არანაკლები ხილი და სასიამოვნო სანახავი იყო ხსენებულ ყოფილ მინსტრსა და მოქმედ განათლების მინისტრს, ამ ორ პლანეტას შორის თბილად ჩაყუჟული ცნობილი მემარჯვენე ქალბატონი, რომელსაც, ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ მხოლოდ პლედი აკლდა სრული ნეტარებისთვის, ბედნიერი იჯდა და ღმერთმა შეარგოს.

 

რა შეიძლება ითქვას პრეზიდენტის სიტყვაზე?

 

როგორც იცის ხოლმე, ყველაფერი ზომიერად თქვა, თბილი მისალმებით დაწყებული... ოკუპაციაც ახსენა, დევნილებიც, თითქოს ყოველთვის ყველაფერს ამბობს მაგრამ, უმარილოდ, მშრალად, ისე რომ გულში არ ითესება, არ გამახსოვრდება, აღგზნებას და გულის აჩქარებას ვინღა ჩივის...

 

დამჯდარი უსმენდა პაპი თეთრებში მოსილი, ასევე თეთრი ყურსასმენებით.

 

რა შეიძლება ითქვას პაპის სიტყვაზე?

 

მადლობა თბილი დახვედრისთვის.

 

შეგვიქო ფლორა და სიძველე.

 

გამოყო ისტორიიდან ფრაგმენტები.

 

მოგვესალმა.

 

ცალკე აღნიშვნის და ცეცხლში გატარების ღირსია „საზმაუს“ თარჯიმანი, შეიძლება ეს თარჯიმანი პაპის ამალიდანაც იყო, მაგრამ „პირდაპირი“ ხომ „საზმაუს“ ეთერში გადიოდა.

 

როდემდე? არა ტემბრი, არა სინქრონი, არა ყური, არა სმენა , არა ხმა.