ლაპარაკი საქმის ნაცვლად

11-05-2017, 23:17

ლაპარაკი საქმის ნაცვლად

ნინო წერეთელი

 

თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლების სისტემა ქვეყნის განვითარებისა და წარმატებისთვის ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი iveria.biz ის გვერდებზე. ამ სტატიაში აღარ ვისაუბრებ მის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე. შევეცდები, მოკლედ მიმოვიხილო, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და რა შედეგები მოგვიტანა ამ ცვლილებებმა დღეს. კონკრეტულად კი შევეხები ცვლილებებს სამეცნიერო სისტემაში, სადაც თავად ვარ ჩართული.

 

ვიდრე გადავალ კონკრეტული საკითხების განხილვაზე, შეგახსენებთ უახლესი ხუთი წლის ისტორიას.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება განათლებისა და მეცნიერების რეფორმა იყო, რასაც საზოგადოება, ცხადია, პოზიტიურად შეხვდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, კიდევ ერთხლ გაუსვა ხაზი განათლების რეფორმას და ის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. მალევე შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია, პროფესორ გია დვალის თავჯდომარეობით. კომისიამ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ზაალ კოკაია, ვაჟა ბერეჟიანი და დავით ლორთქიფანიძე, საკმარისად მოკლე ვადაში განათლებისა და მეცნიერების განვითარების კონცეფციის პროექტი შეიმუშავა. პრემიერმინისტრმა საჯარო წერილით მიმართა მაშინდელი განათლების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს და წარმოდგენილი პროექტის ამოქმედება დაავალა.

 

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საჯარო შოუდ დარჩა. უცნაური რეალობა შეიქმნა, - ერთი მხრივ, პრემიერი თავის მინისტრს განათლების რეფორმის ჩატარებას ავალებდა, კონცეფციის გათვალისწინებით, მეორე მხრივ კი, კონცეფციას მისივე კადრები ებრძოდნენ. მათ შორის მინდა, გამოვყო სამი ძირითადი ფიგურა, რომელთა წინააღმდეგობა განსაკუთრებულად დიდი იყო. ესენი არიან: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა (ი. ჯავახიშვილის თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2013-2016 წლებში), აკადემიკოსი ივანე კიღურაძე (ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016) და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მარსაგიშვილი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე მეცნიერების დარგში 2013 - დღემდე).

 

გამოვყოფ წარმოდგენილი კონცეფციის ძირითად პრინციპებს სამეცნიერო სისტემაში.

 

1. გარე რეფერირების გზით არსებული სიცოცხლისუნარიანი ჯგუფების გამოვლენა სამეცნიერო სისტემაში. ჯუფის ჩამოყალიბების უფლება ნებისმიერ მეცნიერს ეძლეოდა.

 

2. უკვე დაწყებული პროცესის სამეცნიერო ინსტიტუტების და უნივერსიტეტების რეალური ინტეგრირება.

 

გარეშე რეფერირებადი კომისიის შექმნის იდეა იყო პირველი, რამაც ბატონების გაღიზიანება გამოიწვია. ჯანსაღი კონკურენცია ობიექტური კრიტერიუმების შერჩევის გზით ნამდვილად არ არის ის იდეა, რომელსაც ქართული საზოგადოება მხარს დაუჭერს.

 

არც სიცოცხლისუნარიანი ჯგუფების შექმნაში მეცნიერებისთვის თავისუფლების მინიჭების იდეა აღმოჩნდა მომხიბვლელი ბევრისთვის. პრობლემა ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში, სამეცნიერო ერთეულებში პროდუქტს რიგითი მეცნიერები ქმნიან და არა სამეცნიერო ერთეულების ხელმძღვანელები, მაგრამ შექმნილი პროდუქტის ბენეფიტი ამ უკანასკნელთ რჩებათ.

 

კონცეფციის მიერ შეთავაზებული პირობა ყველა მეცნიერს აძლევდა საკუთარ იდეებზე დაყრდნობით დამოუკიდებელი ჯგუფის შექმნის საშუალებას, რაც ერთეულების ხელმძღვანელებს და ასევე შესაბამისი უნარების არმქონე თანამშრომლებს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებდა.

 

ახლა კი ძალიან მოკლედ, თუ რა შესთავაზა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეცნიერებს ამის სანაცვლოდ და როგორია დღევანდელი შედეგები.

 

2014 წელს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს მოსთხოვეს 10-წლიანი გეგმის წარდგენა, შესაბამისი დასაბუთებული ბიუჯეტით. პროქეტის შეფასებისთვის კი თხოვნით უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს მიმართეს. გამოვლენილი პროექტები უნდა დაფინანსებულიყო მათივე მოთხოვილი ბიუჯეტის შესაბამისად. ერთი შეხედვით იდეა მომხიბვლელია, მაგრამ პრაქტიკაში არასწორად განხორციელდა.

 

კერძოდ, პროექტი წარადგინეს არა სიცოცხლისუნარიანმა თავისუფალმა ჯგუფებმა, არამედ უკვე არსებულმა ინსტიტუტებმა იმ სტრუქტურით, რა სტრუქტურითაც არსებობდნენ, რის შედეგადაც შენარჩუნდა, როგორც ბალასტი, ასევე არასასურველი სამეცნიერო ერთეულის ხელმძრვანელები. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასები, საშუალოდ, 2.5-ჯერ გაიზარდა (მეცნიერთანამშრომელი -500 ლარი, უფროსი მეცნიერთანამშრომლი - 700, მთავარი მეცნიერთანამშრომელი - 800), ის მაინც მცირეა პერსპექტიული ახალგაზრდების მოსაზიდად, ვინაიდან ვერ უწევს ვერანაირ კონკურენციას საბანკო სისტემებსა და კერძო კომპანიებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბარიერი ყველა ინსტიუტმა გადალახა, სავარაუდოდ, გარეშე რეფერირებას ადგილი არ ჰქონია.

 

სახელმწიფო კომისიის მიერ შემოთავაზებული კონცეფციის მიხედვით, იგივე თანხებში რეფორმის ჩატარება გაცილებით უფრო სერიოზულ შედეგს მოგვცემდა და ნამდვილად იქნებოდა განვითარებისკენ მიმართული სერიოზული ნაბიჯი სამეცნიერო სისტემაში.

 

რა შედეგები გვაქვს დღეს? ისევ დაბერებული ინსტიტუტები, დიდი რაოდენობა ბალასტით და ამჟამად მომატებული ხელფასით, პერსპექტიული ახალგაზრდების მცირე რაოდენობა, რომელიც მუდმივად ეძებს სხვა სამუშაო ადგილს და ხშირ შემთხვევაში, ტოვებს ქვეყანას. რაღა თქმა უნდა, მსგავსი „რეფორმა“, რომელიც არანაირ ვადაში ქვეყანას შედეგს არ მისცემს, სერიოზული დარტყმაა ქვეყნის ბიუჯეტისთვის. ამ რეფორმას არ შეიძლება, ვუწოდოთ სხვა სიტყვა, თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვა.

 

შედეგემა უკვე იჩინა თავი. ჩატარებული „რეფორმის“ სამი წლის თავზე განათლების სამინსიტრომ უარი თქვა ინსტიტუტების ბიუჯეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის - „არაფინანსური აქტივობის ზრდის“, დაფინასებაზე. ეს ნაწილი 10-წლიან პროექტებში გაწერილი იყო თანამედროვე აპარატურისა და ხელსაწყოების შესაძენად, რაც შესაბამისი ამოცანების შესრულებას გულისხმობდა. ცხადია, ამ ფინასებზე უარმა, პირველ რიგში, დააზარალა სამეცნიერო ერთეულებში შემორჩენილი ის მცირე ნაწილი, რომელიც რეალურად ქმნის პროდუქტს. თუ ვერ მოხდება ამ აპარატურის შეძენა, ცხადია, ვერ მოხდება შესაბამისი ამოცანების გადაჭრა და მაშინ ისმის კითხვა, რას აფინანსებს მომდევნო წლებში და, თუნდაც, წელს განათლების სამინისტრო? რაში გაიცემა ხელფასები? პასუხი მარტივია - სახელმწიფო აფინანსებს თავის ამომრჩეველს ქართული სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე.

 

განათლებისა და მეცნერების დღევანდელმა მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ქართულ ხალხურ ზღაპრებს. მას დიდ სურვილი აქვს, ჩაანაცვლოს ბუნებრივი ევოლუციის პროცესში კოლექტიური არაცნობიერის მიერ შექმნილი არასახარბიელო, ზარმაცი, მატყუარა, წიგნმოძულე, ნაადრევი ქორწინებისკენ მიდრეკილი გმირები ნათელი, მშრომელი, განათლებული პერსონაჟებით. როგორი იქნება ახალი ზღაპრების გმირები სისტემაში, სადაც მხოლოდ საუბრობენ და საქმეს არ აკეთებენ, სადაც კოლექტივის არაცნობიერში მუქთა, დაუმსახურებელ პურის ჭამის მოთხოვნას ნერგავენ?

 

განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.