რატომ მარცხდება ნაცმოძრაობა ბოლო არჩევნებში?

8-06-2017, 13:56

რატომ მარცხდება ნაცმოძრაობა ბოლო არჩევნებში?

კოტე გვასალია

მეორე ნაწილი

 

ერთი ადრე საპატრიარქოსთან დაახლოებული პირი გვიყვებოდა, როგორ ცდილობდა თანამოაზრეთა მცირე ჯგუფთან ერთად ხმა მიეწვდინა ხელისუფლებისთვის ვარდების რევოლუციის შემდეგ. ცხადია მაშინაც გავსებული იყო საპატრიარქო აგენტებითა და რუსეთუმეებით, მაგრამ თურმე მათ შორისაც ქიშპობა მიმდინარეობდა. ეს ჯგუფი მცირე თანხას და პატარა მხარდაჭერას თხოვდა ხელისუფლებას „სამოძრაოდ“ რომ კომპრომატებიც დაეგროვებინათ, განხეთქილებაც გაეღრმავებინათ და საერთოდ გზა გაეკაფათ საპატრიარქოს გასაწმენდად. ნაცმოძრაობის რამოდენიმე მაღალჩინოსანი თურმე მათ კარგადაც იცნობდა და არავის ქონდა ეჭვი იმაზე, რომ ეს ისედაც სასაცილო თანხა შეიძლება არამიზნობრივად დახარჯულიყო. იცადეს და ბოლოს ერთერთი ნაცლიდერისგან შეუტყვიათ, რომ პირადად მიხეილ სააკაშვილი წასულა უარზე. ეს პიროვნება პერიოდულად ახლაც გამოდის ტელევიზიებში და დღემდე სააკაშვილის მომხრეა.

 

ენმ-ს ამგვარ უცნაურ ქმედებებზე გაკვირვებითა და გულისტკივილით სხვადასხვა დროს ისაუბრეს ბასილ კობახიძემ, ბექა მინდიაშვილმა, მირიან გამრეკელაშვილმა.

თავად ეკლესიას რა თანხა გამოუყო პრეზიდენტმა, ყველას მოგეხსენებათ. მის გაძლიერებას სააკაშვილი თავად უწყობდა ხელს. პატრიარქსაც უზარმაზარი ავტორიტეტი უნდა ქონდეს. უბრალოდ, გეგმის მიხედვით პირადად მისმა დიდსხივოსნებამ უნდა ჩააქროს ყველა ციური მანათობელი. არ გამიკვირდება, რომ მას გულიც დაწყვეტოდა ნავთობზე ფასების ვარდნასთან დაკავშირებით.

 

ბევრმა შეიძლება ზემოთქმული ხუმრობად ან უტრირებად ჩათვალოს, ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი 2012 წლის წინასაარჩევნო ბატალიებს. სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, ანტისახელისუფლებო მუხტი უზარმაზარი. მოდის ივანიშვილი ფულით და მანამდე დაქსაქსულ ოპოზიციას აერთიანებს. როგორც მერაბიშვილი არჩევნების დამთავრებისთანავე, ისე უფრო მოგვიანებით თავად ბატონი მიხეილი გამოგვიტყდენ, რომ თურმე არჩევნებამდეც ხვდებოდენ, საქმე ცუდად რომ იყო. ოპოზიცია საჯაროდ დაცინოდა ხელისუფლებას: ხალხო შეხედეთ, ნაცებს ტელევიზიებში სულ ერთიდაიგივე ხალხი გამოყავთ, რადგან ისე აქვთ საქმე, მომხრეებს ტელეეთერისთვისაც ვეღარ პოულობენო.

 

თავად ოპოზიციას ამ დროს ათასი ჯურის ხალხი გამოყავდა. რუსული სპეცსამსახურების ინსტრუქტაჟით ცდილობდა საკუთარი ბრძოლა საერთო სახალხო მოძრაობად წარმოეჩინა. როგორ არ უნდა დაგვწვოდა გული ყველა იმათ, ვინც ვიცოდით თუ რა ხალხს ამოუკერა პირი სააკაშვილმა საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე ადვილად გასაბანძებლები გავხდებოდით ნაცმოძრაობის მომხრეები, რომლებსაც წლების მანძილზე ჩაშვებულებს და ძონძებს გვეძახდენ? ამას ბავშვიც მიხვდებოდა, მაგრამ მოკვდა სააკაშვილი და ეს არცერთ არჩევნებზე არ დაუშვა.

 

მან ისე საგულდაგულოდ დამალა მისი მომხრე ინტელექტუალები, რომ ისედაც დაბნეულ და დაშინებულ უამრავ ადამიანს იმის შიშიც გაუჩნდა, გოიმი არ გამოსულიყო ნაცმოძრაობის მხარდაჭერის გამო. ასეთებს რამდენიც გნებავთ იმდენს ვიცნობ პირადად.

 

ასე შეისხა ხორცი კრემლის ჩვენში ადრევე კარგად აპრობირებულმა ფანდმა. ასე მოქმედებდენ გამსახურდიას დროსაც, როცა რუსეთმა შეძლო მაშინდელი პრეზიდენტის მხარდაჭერა „ზვიადისტობად“, ანუ ფანატიზმის, ჩამორჩენილობის, გოიმობის აღმნიშვნელ ტერმინად ექცია.

 

კიდევ უფრო მეტს მიაღწიეს ახლა.

 

კრემლის პოლიტტექნოლოგიამ იმხელა გამარჯვება იზეიმა, ისეთ დონეზე მოახერხა ნაცმოძრაობის სრული დემონიზება, რომ არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ მისი მომხრეებიც, ანუ „მიშისტები“ გოიმებთან ერთად მოძალადეებად, საერთოდ ძალადობის „გამპრავებლად“ გამოცხადდენ. და ამ უერთგულეს ხალხს თავის დაცვის საშუალებაც კი არ დაუტოვა ნაცმოძრაობამ, რომ ტელეეთერით, ამაყად თავაწეულებს ხალხისთვის აეხსნათ, რატომ უჭერენ ისინი მხარს ენმ-ს. ხოლო ასეთი ნაბიჯის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია ნაცმოძრაობის რეაბილიტაცია.

 

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილმა გამარჯვებას სრულიად გაცნობიერებულად თუნდაც დროებით, დამარცხება არჩია, ოღონდ თავის მოღვაწეობაში მოწილე არ გაჩენოდა. შედეგი?

 

რა თქმა უნდა სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად უდიდესი სამსახური გაუწია საქართველოს, რის გამოც პირადად მე მთელი ცხოვრება მათი მადლიერი დავრჩები, მათ მიერ გაკეთებული კარგი უდაოდ გადაწონის ყველა შეცდომასა და დანაშაულს. მეტიც, მართალია მათ წარსულიდან ცუდიც გადაიღეს, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რაც ან მანამდე არ ხდებოდა, ან თუნდაც დღეს აღარ ხდება. ხუთასწლიანი წყვეტის შემდეგ სწორედ ენმ-მ შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო. მთელ რიგ საკითხებში ისეთ სიმაღლეზე აწიეს თამასა, რომ მისი დაბლა ჩამოგდება უკვე უბრალოდ შეუძლებელია, რის გამოც ასეა გაცოფებული კრემლი. ამ დიდ საქმეს კი რა თქმა უნდა სათავეში მიხეილ სააკაშვილი ედგა. ამაზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი, მაგრამ ამჯერად ამ სტატიის მიზანი არა ენმ-ს ღვაწლის ჩამოთვლა, არამედ მისი ნამოღვაწარის კრიტიკული გააზრება გახლავთ.

 

რამდენიც არ უნდა აბნიოს ნაცმოძრაობამ მოსახლეობა „ოცნებისთვის“ მიწებებული სულელური იარლიყით „უნიათოები“ სინამდვილეში ცხადია, ეს ხელისუფლება უნიათო კი არა, ივანიშვილის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელია, ხოლო ივანიშვილი რუსეთის კაცი გახლავთ.

 

რომ შევაჯამოთ ნაცმოძრაობის მმართველობა, უდაოდ უზარმაზარ დამსახურებებთან ერთად აღსანიშნავია:

 

1. გამდიდრებული რუსეთის გაათკეცებული პროპაგანდისტული მუშაობისა და ამ მიმართულებით ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი პოლიტიკის წყალობით მივიღეთ აბსოლუტურად არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ელემენტარული კრიტიკული აზროვნების უნარს მოკლებული მოსახლეობა. ამ ფონზე აღარაა გასაკვირი უაღრესად მომძლავრებული პრორუსული განწყობები. დღეს პრაქტიკულად აღარავის აშინებს პირდაპირ მოღალატური იდეების გასაჯაროება. ასეთი რამ ავადსახსენებელ ოთხმოცდაათიანებში არ ხდებოდა.

 

2. ასევე ნაცმოძრაობის დამსახურებაა, რომ ხაფი ხმით საუბრის საშუალება მიეცა ადამიანის უფლებებზე, ტრადიციებზე, თავმოყვარეობაზე, თავისუფლებასა და სამართლიანობაზე იმ საზოგადოებას, რომლისთვისაც სრულიად უცხო იყო ყველა აქ ჩამოთვლილი ღირებულება.

 

3. ქვეყნის სუვერენიტეტი ივანიშვილის ხელით გადავაბარეთ რუსეთს.

ცხადია ყველა ხელისუფლებაში ჰყავდა მას თავის აგენტურა, მაგრამ არასდროს მისი ნების პირდაპირ შემსრულებელი მთავრობა. ასეთ წარმატებას სსრკ-ს დანგრევის შემდეგ კრემლმა მხოლოდ ერთხელ მიაღწია, ჩვენში განხორციელებული სამხედრო პუტჩის შემდეგ, ისიც მცირე ხნით და რომელსაც მსოფლიოში არავინ ცნობდა. ამჟამად მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ჩვენ გვყავს კანონიერად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც სინამდვილეში კრემლის ინტერესების გამტარებელი ერთი კაცი მართავს.

საქართველო, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მოყოლებული რეალური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ავანგარდში იდგა, დღეს ყველაზე უარეს პოზიციაში იმყოფება. სხვებს რომ თავი დავანებოთ, რუსეთთან ყველაზე დაახლოებულ რესპუბლიკებს ბელარუსს, სომხეთს და ყაზახეთს არ ჰყავს მოსკოვის ინტერესების პირდაპირ გამტარებელი ხელისუფალი, მხოლოდ ჩვენ. ნუთუ ერის საუკეთესო ნაწილისთვის არ უნდა იყოს ეს საკმარისი იმისთვის, რომ ცოტა უფრო ღრმად გავაანალიზოთ, რამ მიგვიყვანა ასეთ კატასტროფამდე და მარტო იმ თემაზე არ ჩავიციკლოთ წლების მანძილზე, რომ „ოცნება“ არ ვარგა და ქოცობა ცუდია?

პირველი, რაც უნდა გავაცნობიეროთ არის ის, რომ ნაციონალებმა ვერა და ვერ ისწავლეს საკუთარ მოსახლეობასთან საუბარი. სააკაშვილის მრჩეველმა მარტ ლაარმა დასავლელი ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა იყო მისი აზრით საქართველოს ხელისუფლების ყველაზე სუსტი მხარე, ასეთი პასუხი გასცა: გაკვირვებული ვარ იმით, რის გაკეთებაც შეძლო ამ ახალგაზრდა გუნდმა და იმითაც, თუ რა სუსტი ადვოკატები აღმოჩდენ ისინი საკუთარი თავისაო.

 

„ცოცხებამდე“ ბევრად ადრე კრემლმა მიაღწია იმას, რომ ნაცმოძრაობა მოსახლეობის თვალში პირველ რიგში საკუთარ ხალხზე მოძალადედ მოინათლა. ენმ-ს სამარცხვინოდ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსვე რუსეთმა მაშინდელი ოპოზიციის დახმარებით მოსახლეობაზე ის ფსიქოლოგიური ტერორი განახორციელა, რომლის ძალითაც უთვალავ უბრალო მოქალაქეს ვერც კი უნდა გაებედა იმის ხმამაღლა თქმა, რომ ასე დაცულად მათ თავი არასდროს უგრძვნიათ.

 

როცა ნაცმოძრაობის უკან ამხელა სიმართლე იყო, როცა ამხელა წარმატებებს მიაღწიეს, როცა ამხელა კონტრასტი შექმნეს მათ მიერ ჩაბარებულსა და შემდეგ მათ მიერ გადაბარებულ ქვეყანას შორის და არჩევნები ბათუმშიც კი წააგეს, საზოგადოებას, რომელსაც რაიმეზე მაინც შეიძლება ჰქონოდა პრეტენზია, განგაშის ზარი უნდა შემოეკრა და პირველ რიგში ეცადა პასუხი მთავარ კითხვაზე გაეცა: რაშია საქმე, რა არ გაკეთდა სწორად?

 

ჰანიბალი არამარტო სასტიკად დამარცხდა გადამწყვეტ ბრძოლაში, მან მთელი ომი წააგო, კართაგენი აღიგავა პირისაგან მიწისა, მაგრამ იგი მაინც ყველა დროის ერთერთ უდიდეს მხედართმთავრად ითვლება, რადგან აუცილებელია იმის გათვალისწინება, ვინ არის მოწინააღმდეგე.

 

პირველად რომ ივანიშვილის სახე დავინახე, სიზმარში ხომ არა ვარ-თქო, გავიფიქრე. მერე პირიც რომ გააღო, კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი. გახარებული მირეკავდენ მეგობრები თბილისიდან – გადავრჩითო.

 

ერთხელ გოგა ხაინდრავამ – არჩევნები თუ არ გაყალბდა, აი ეს ჯიხური დაამარცხებს სააკაშვილსო. ენმ-მ ისე დიდებულად იზრუნა სამოქალაქო საზოგადოების აღრზდაზე, რომ ხაინდრავას სიტყვები რეალობად გვექცა. ცხადია, ივანიშვილის უკან რუსეთია, მაგრამ ხომ აქვს მნიშვნელობა, ვისი ხელით გამარცხებენ?

 

სუვერენიტეტის რუსეთისთვის გადაბარების უკან უზარმაზარი საფრთხე იმალება, რომელზეც ჩვენში იშვიათად საუბრობენ. კრემლის მთავარი მიზანი საქართველოში სამოქალაქო ომის აგორებაა. ამის განხორციელებას ცდილობდენ 2007 და 2012 წლებში, მაგრამ არ გამოუვიდათ.

 

მოსკოვი იცდის, სადამდე გაძლებს „ოცნება“ ხელისუფლებაში, ისე რაც მეტხანს - მით უკეთესი, რომ ანტისახელისუფლებო მუხტი რაც შეიძლება გაიზარდოს. წასვლას რაც შეეხება, ნებით „ოცნება“ არა თუ არ წავა, რომც უნდოდეთ, რუსები არ გაუშვებენ. ხოლო როცა საქმე მასობრივ პროტესტებამდე მივა, მიიღებენ დირექტივას იარაღი დაურიგონ კრიმინალებს და უკვე მათ მიერ წლების განმავლობაში ამოქმედებულ ზონდერებს.

ცხადია სცენარები მოსკოვში სხვადასხვა ექნებათ, მე ყველაზე მარტივი ვარიანტი აღვწერე.

 

სააკაშვილის ტაქტიკა ოპოზიციაში გადასვლის მერე მალევე გამოიკვეთა. რადგან შარშანდელი არჩევნების წინ საკუთარ ტელევიზიებშიც კი არ უცდია სერიოზულად პარტიის რეაბილიტაცია და მოქალაქეების წინაშე კრემლის პროპაგანდისტული საქმიანობის გაშიფვრა, გამოდის მისეული გათვლებით საქართველოში ისე ცუდად უნდა წავიდეს ყველაფერი, რომ უკიდურესად გამწარებულ მოსახლეობას ნაცმოძრაობის გარდა სხვა არჩევანი აღარ დარჩეს. „შუა“ ხომ ორმხრივი მცდელობებით მუდმივად იკრიფება. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში აღარც ხალხის თვალში დისკრედიტირებული ენმ-ს რეაბილიტაცია აღარ იქნება ისე აქტუალური და აღარც სააკაშვილისთვის ასე მიუღებელი მოაზროვნე საზოგადოების გამოჩენის აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში.

 

ჩვენი საქმეები რომ ადრე თუ გვიან ცუდად წავიდოდა, ეს „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდანვე ცხადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოსახლეობის სამოქალაქო შეგნების ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით სააკაშვილისეული გეგმა უკიდურესად სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კრემლს გაუადვილებს, დაძაბულ ვითარებაში ხალხი ერთმანეთს დაატაკოს. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ასეთ სიტუაციაში რაიმე გარანტია გამორიცხულია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას მოსკოვის კაცი მართავს.

 

საღად მოაზროვნეები ვახსენე, თორემ სამწუხაროდ ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა შორის არიან ისეთები, რომლებსაც ნებისმიერ სიტუაციაზე ერთი პასუხი აქვთ: ყველაფერი კარგად იქნება, რადგან „მიშამ იცის“. ეს გახლავთ იმ კატეგორიის ადამიანები, რომელთაც როცა ორივე არჩევნებამდე ვუხსნიდი, რომ ენმ აუცილებლად დამარცხდებოდა, მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდათ თავში „ეს კაცი ხომ ჩვენიანი იყო, ნეტა ახლა გაგიჟდა თუ გაქოცდა?“ რაც არ უნდა დაანახოს მათ რეალობამ, მიუხედავად განცდილი შოკისა, მალე კვლავ საწყის პოზიციაში ბრუნდებიან, ანუ ისევ „მიშამ იცის“.

 

ასეთი მხარდამჭერები ყველა ეპოქაში არიან და მათზე ცუდ სამსახურს მართლაც ვერავინ უწევს პოლიტიკოსს.

 

რამხელა გულისტკივილს იწვევს იმის გაფიქრება, თუ რა ტემპები ქონდა აკრეფილი ქვეყანას, განსაკუთრებით ენმ-ს მოღვაწეობის ბოლო წლებში და სად შეიძლება ვყოფილიყავით ახლა ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროშიც. აქედან გამომდინარე ენმ-ს მხარდამჭერთა საუკეთესო ნაწილი სააკაშვილის იმაში დარწმუნებას უნდა ცდილობდეს, რამდენად უფრო დიდ პოლიტიკოსად გამოჩნდებოდა იგი როგორც მსოფლიოს თვალში, ისე ისტორიის წინაშე, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მაქსიმალურად რომ გამოეყენებინა. რომ ადამიანის, განსაკუთრებით პოლიტიკოსის სიდიადის პირველი მაჩვენებელი გახლავთ ის, თუ როგორ იტანს იგი მის ირგვლივ ტალანტებს. ამავდროულად ისიც უნდა შეახსენოს, რომ რაც მოხდა მოხდა და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

 

ბოლოსკენ მინდა ბატონ გია მურღულიას მიერ ნათქვამი გაბედული სიტყვები მოვიშველიო „ჩვენი პრობლემების უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ტელემედიაში, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსახლეობის თვითშეგნებაზე, უხშირეს შემთხვევაში არაკომპეტენტური ადამიანები გამოდიან. ხოლო კომპეტენტურნი მის მიღმა რჩებიან.“ აქ ცხადია მთლიანად ას პროცენზე არ არის საუბარი.

 

სულ ჩვენს მცირერიცხოვნებაზე ვწუწუნებთ და ამ დროს სულ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ვართო - გვითხრა დიდმა კონსტანტინემ. რამხელა აღმაფრენა იყო დაქუცმაცებულ აღმოსავლეთ საქართველოში შაჰ აბასის წინააღმდეგ, რამდენი ბრძოლა გადავიტანეთ და მაინც შეძლო ირანის აგენტურამ ისედაც სისხლისგან დაცლილი ქართველების ერთმანეთთან დატაკება. თან ვინ ვის დაეჯახა? სააკაძე მომხრეებითურთ - თეიმურაზ პირველს. რამდენჯერ დაგვემართა ამგვარი რამ.

 

საბჭოთა იმპერია სულს ღაფავდა და აგონიაში მაინც მოასწრო თბილისში სამოქალაქო ომის აგორება. და ეს ყველაფერი მხოლოდ სახელმწიფოებრივი აზროვნების უქონლობის გამო.

 

დამოუკიდებლობის სულ ორი ათწლეული ეყოთ 20-ე საუკუნის დასაწყისში ბალტიის ხალხებს, რომ უზარმაზარი წნეხის მიუხედავად საუკუნის მიწურულისკენ ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინათ. ჩვენ კი ბოლო 25 წლის განმავლობაში პოლიტიკოსთა ამბიციებისა და შურის გამო ვერ იქნა და ვერ გავარღვიეთ ის დაწყევლილი წრე, როცა ქართველი იმას გაიგებს, რაც საბჭოთა ეპოქაშივე უკვე იცოდა რიგითმა ლატვიელმა, რომ ვეღარასდროს ვეღარ მოგვატყუოს და გვაბურთაოს გადამთიელმა.

 

გამყიდველთა და უზნეოთა რაღაც პროცენტი ყველა ერშია და მას ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ დღეს სრულიად გახლეჩილი საზოგადოება ძირითადად გამთლიანდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა საჯარო სივრცეში სიმართლე გაიმარჯვებს.