მეორე მსოფლიო ომის დამთავრების ნამდვილი თარიღი

8-05-2017, 11:03

ნიკა რურუა

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების ნამდვილი თარიღი 

8 მაისს თავისუფალი სამყარო ფაშიზმზსა და ნაციზმზე გამარჯვების 70 წლისთავს ზეიმობს. ამ დღეს დამთავრდა მეოცე საუკუნის ყველაზე საზარელი გლობალური ომი, რომელმაც დაახლოებით 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

როგორც აღვნიშნეთ, მთელი მსოფლიო ამ დღეს 8 მაისს ზეიმობს, გარდა რუსეთის ფედერაციისა და რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისა. სამწუხაროდ, მათ რიცხვში დღემდეა საქართველოც: ჩვენც ამ საზარელი ომის დამთავრებას, რომელმაც 400.000 (!) ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, საბჭოთა ტრადიციის მიხედვით ვზეიმობთ.

 

მიზეზი ამისა?

 

ისევ და ისევ ჩვენებური ინერტულობა და სიზარმაცე, რისი მიზეზითაც არაზუსტი თარიღის მოზეიმეთა რიცხვში დავრჩით, თან ჩვენს დღევანდელ ოკუპანტსა და დაუძინებელ მტერთან ერთად.

 

მაინც საინტერესოა, რატომ აღნიშნავს რუსეთის ფედერაცია (და მანამდე საბჭოთა კავშირი) ფაშიზმზე გამარჯვებას დანარჩენ მსოფლიოსაგან განსხვავებულ დღეს - რატომღაც, ერთი დღის დაგვიანებით. ალბათ საინტერესო იქნება მკითხველისათვის გაგება ამ საკმაოდ კურიოზული მიზეზისა.

 

 

საქმე შემდეგში მდგომარეობდა:

 

 

1945 წლის 7 მაისის ღამის 3 საათზე საფრანგეთის ქალაქ რეიმსის ერთ-ერთი სკოლის შენობაში ისტორია დაიწერა - მოკავშირეების: საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენელთა წინაშე სრულ და უპირობო კაპიტულაციას ფაშისტური გერმანიის ჯარების (უფრო სწორად, რაც მისგან იყო დარჩენილი) ფელდმარშალმა იოდლმა მოაწერა ხელი. საბჭოთა კავშირს ამ ისტორიულ წუთებში წარმოადგენდა ნაკლებად ცნობილი რუსი გენერალი ივან სუსლოპაროვი. კაპიტულაციის გამოცხადება მომდევნო დილიდანვე, ანუ 8 მაისიდან შევიდა ძალაში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების ნამდვილი თარიღი 

მაგრამ ამ ისტორიულ დოკუმენტს არ დაეთანხმა ერთი ძალიან გავლენიანი ადამიანი - საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მარშალი - გიორგი ჟუკოვი. ამ უკანასკნელმა, როგორც ამას თვითმხილველები წერენ, ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატრიალა, როგორც კი გაიგო, რომ მეორე მსოფლიო ომს წერტილი არა ბერლინში, არამედ სადღაც, საფრანგეთში დაესვა და რომ უპირობო კაპიტულაციის, იგივე გამარჯვების დოკუმენტზე არა მისი საკუთარი, არამედ ვიღაც სუსლოპაროვის ხელმოწერა იყო.

 

ჟუკოვის ისტერიკამ ისეთი ფორმა მიიღო, რომ მოკავშირეები დაეთანხმნენ საბჭოელებს, რომ ხელახალი ხელმოწერა 8 მაისს ღამით, ბერლინში გამართულიყო და მასზე ხელმომწერი მარშალი ჟუკოვი ყოფილიყო.

 

როგორც კი ეს კომპრომისი გამოინახა, სიტუაციამ კომიკური ელფერი შეიძინა: პატიმრობიდან დროებით, კაპიტულაციაზე ხელმომწერის ფუნქციით, გაათავისუფლეს გერმანელი გენერალ კეიტელი, რომელსაც გატეხილი მონოკლის მაგიერ ახალი მონოკლიც კი უშოვეს, რომ ფოტო და კინო ქრონიკაში იგი იმ სახით დარჩენილიყო, როგორც ის მანამდე გამოიყურებოდა.

 

მოკლედ, 8 მაისის ღამეს მონოკლიანი კეიტელი ბერლინის ერთ-ერთ გადარჩენილ შენობაში მიიყვანეს და კამერების წინ უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერა სთხოვეს. გენერალმა კეიტელმა ეს სულაც არ გააპროტესტა და ამ სახელდახელოდ დადგმულ სპექტაკლში საკუთარი როლი უზადოდ შეასრულა; ოღონდ საფრანგეთის წარმომადგენლის დანახვაზე ერთი კი გაიკვირვა და მთელი იქ მყოფი საზოგადოებისთვის ღიმილით წარმოთქვა: “ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ომი საფრანგეთთანაც წაგებული გვქონდაო”.

 

კაპიტულაციაზე ხელმოწერამ სულ რამდენიმე წუთი გასტანა. ამ მომენტისთვის კი მოსკოვის დროით უკვე 9 მაისის დილა თენდებოდა.

 

სწორედ ამ კურიოზული შემთხვევის გამო ზეიმობს ჯერ საბჭოთა კავშირი და მერე რუსეთის ფედერაცია ომის დამთავრებას 9 მაისს. აღსანიშნავია ისიც, რომ გამარჯვების აღლუმის შემდგომ, რომელიც მარშალმა ჟუკოვმა გენერალისიმუს სტალინის თვალწინ ჩაიბარა, საცხრამაისო აღლუმები დიდი ხნით შეწყდა.

 

9 მაისის აღნიშვნა საბჭოეთმა მხოლოდ 60-იანი წლების, ანუ ხრუშჩოვის ბოლო წლების განმავლობაში აღადგინა. სავარაუდოდ, ეს გრძელი ინტერვალი ამ ომში დაღუპულ ადამიანთა თითქმის უზომო რაოდენობამ განაპირობა, რამაც საბჭოთა ხელმძღვანელობას საზეიმო განწყობა რამდენიმე წლით დაუკარგა.

 

ასეთია მეორე მსოფლიო ომის დამთავრების სხვადასხვა დღეს აღნიშვნის საკმაოდ კომიკური მიზეზი.

 

დროა, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო ფაშიზმთან ბრძოლაში, ეს დღე თავისუფალ სამყაროსთან ერთად, ამ ომის დამთავრების ნამდვილ თარიღს იზეიმოს - ანუ, 8 მაისს.

 

ეს ასეა, მეტადრე მაშინ, როდესაც დღევანდელი რუსეთი ძალიან ემსგავსება ნაცისტურ, ჰიტლერისეულ წარმონაქმნს, რომლის ფიზიკური მტკიცებულება საქართველოს დედაქალაქიდან სულ ორმოციოდე კილომეტრში დგას, დაქოქილი რუსული ტანკების სახით.

 

დროა, თავისუფლება თავისუფალ სამყაროსთან და არა მის ჯალათთან ერთად ვიზეიმოთ.