ჩემი ძმაკაცის ცოლები

ნინო ნორაკიძე

 

აქა ამბავი ჩემი ბავშვობის ძმაკაცის, ქართლოსისა. სტუდენტი გახდა თუ არა, ისეთი გოგო გაიცნო, რომ გონება აერია. ერთი ნახვით შეუყვარდა - ძალიან ემოციური, ლამაზი, ვნებიანი იყო და მთლიანად დაიპყრო ქართლოსის სული და გული. გოგომ უთხრა, გეყოფა არხეინი, მაგრამ ტირანული ცხოვრება მშობლებთან და აწი ცალკე, დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვროთო. ხოდა, თავისუფლების შეგრძნობის მიზნით მშობლებს ახალგაზრდული აღტკინებით გამოუცხადეს, ცალკე  გადავდივართ და კეთილი ინებეთ და გვარჩინეთო. ქართლოსის მშობლებს ისე არ ესიამოვნათ ეს ულტიმატუმი, რომ ჯერ ქართლოსი მიბეგვეს, შემდეგ კი პოტენციურ მძახლებს გამოუცხადეს, რომ ეს გატაცება მხოლოდ ახალგაზრდულია და მათი ურთიერთობა არარეალური იქნებოდა - ქართლოსი ჯერ კიდევ ყმაწვილია, მხოლოდ ჭამა-სმის და ქეიფის მოყვარული, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაციაო. და დაუმატეს - ქართლოსი ჩვენი შეძლებული ოჯახის ტრადიციებით უნდა აღვზარდოთ და ასპირანტურისთვის მოსკოვში ადგილი უკვე გამზადებული გვაქვს, ბაბუამისთანო. მძახლებს ასევე აგრძნობინეს, რომ მათ ქართული გაგებით ტრადიციული ოჯახი ჰქონდათ და სარძლო კი თავისუფლების ზედმეტად მოყვარული იყო: „ჩვენ ინტელექტუალური კი არა, მოსკოველი სტუმრებისათვის სუფრის გამწყობი მეოჯახე რძალი გვინდაო“.

24-10-2013, 15:22 | ბლოგები | ნანახია - 1776
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია